დიასპორის დღე

დიასპორის წარმომადგენლები პასპორტის აღებას საქართველოში მოქმედ ფასად შეძლებენ – პრემიერი

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქართული დიასპორის წარმომადგენლები საზღვარგარეთ საქართველოს პასპორტის აღებას იმავე ფასად შეძლებენ, რაც საქართველოში მოქმედებს. ღარიბაშვილმა დიასპორის დღის ღონისძიებაზე თქვა, რომ მთავრობა "ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს" მოხსნის, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება.

"მაგალითად, რატომ იყო წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 დოლარი, თუ არ ვცდები, და ამ დროს საქართველოში ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლები. ამაზეც ვისაუბრეთ და ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივით ეს ტარიფებიც, რა თქმა უნდა გათანაბრდება. ჩვენ არავითარი დაყოფა, არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის". – თქვა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს დიასპორის არაერთი წარმატებული და ბრწყინვალე წარმომადგენელი და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ.

"ამ ადამიანების გვარები დღეს, სამწუხაროდ. არის დავიწყებული და აუცილებელია ჩვენს ახალგაზრდებს შევახსენოთ, თუ ვისი გორისანი ვართ, თუ როგორ წარმატებით მოღვაწეობენ ქართველები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ინიციატივაზე, იდეაზე, რომელიც უზრუნველყოფს დიასპორის წარმომადგენელების ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში და მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც არის დიასპორის ბრწყინვალე წარმომადგენელი, საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან სიმბოლური". – თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები