საფეხბურთო კლუბი ჩელსი

ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვის ნებართვა გასცა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვის ნებართვა გასცა. კლუბის სანქცირებული მფლობელი, რომან აბრამოვიჩი გაყიდვით სარგებელს ვერ მიიღებს. 

ინგლისის პრემიერ ლიგამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, კლუბს ამერიკელი ბიზნესმენის, ტოდ ბოელის მიერ მართული ჯგუფი $5 მილიარდად იყიდის. აღნიშნული თანხა კი უკრაინაში, ჰუმანიტარული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, ომის მსხვერპლების მხარდასაჭერად. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი ბირტანეთის კულტურის, მედიისა და სპორტის მინისტრი, ნადინ დორისი Twitter-ზე გამოეხმაურა. დორისი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ  კლუბის მომავლის უსაფრთხოების დაცვა მხოლოდა ახალი მეპატრონის პირობებშია შესაძლებელი.

"წუხელ, მთავრობამ საფეხბურთო კლუბ ჩელსის გაყიდვის ნებართვის ლიცენზია გასცა. პუტინთან და უკრაინის სისხლიან თავდასხმასთან კავშირში მყოფ პირებზე დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, კლუბის მომავლის დაცვა მხოლოდ ახალი მფლობელის პირობებშია შესაძლებელი. კმაყოფილები ვართ, რომ რომან აბრამოვიჩი და სხვა სანქცირებული პირები გაყიდვით სარგებელს ვერ მიიღებენ". – წერს ნადინე დორისი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
 

კომენტარები