რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის მხრიდან საზღვაო ბლოკადა უკრაინის პორტებში ვაჭრობას აფერხებს

REUTERS

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, ოდესაში ან მის გარშემო სავაჭრო გადაზიდვები არ განხორციელებულა. ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ძირითადი პორტების ბლოკადამ კომერციული გემების ინდუსტრია ამ ტერიტორიაზე შეაჩერა.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის სახმელეთო ექსპორტის მექანიზმებმა რუსეთის ბლოკადის შედეგად გამოწვეული დანაკარგების გამო მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მალევე გააგრძელონ. შედეგად, უკრაინული მარცვლეულის მნიშვნელოვანი მარაგი საწყობში რჩება, რომლის ექსპორტი შეუძლებელია.

ომმა მარცვლეულის ფასებზე დიდი გავლენა იქონია. ამასთან ერთად, რუსეთის მხრიდან საზღვაო ბლოკადის საფრთხე უკრაინის პორტებში ვაჭრობას კვლავ აფერხებს, ხოლო მიწოდების დეფიციტი პროდუქტების ფასს გაზრდის". - წერია ანგარიშში.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები