თბილისის მერია

ივნისიდან მელიქიშვილის გამზირი რეაბილიტაციის გამო გადაიკეტება

bm.ge

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მერია ივნისის დასაწყისში მელიქიშვილის გამზირის სრულ რეაბილიტაცია-განახლებას იწყებს, რის გამოც აღნიშნული ქუჩა გადაიკეტება, სამუშაოების დროს კი ვარაზისხევზე მოძრაობა ორივე მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

"გვინდა, რომ ივნისის დასაწყისში მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება დავიწყოთ, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. უმძიმეს მდგომარეობაშია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და ეს თვითონ გზის საფარსაც ეტყობა, თუ როგორ არის კონკრეტულ მონაკვეთებში გზა ჩავარდნილი. ეს იქნება ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელება. მელიქიშვილი მთლიანად კეთილმოწყობილი იქნება. კერძოდ, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები, დამონტაჟდება ახალი ბოძები თავისი თანამედროვე ლედ ტიპის სანათებით, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები, ველობილიკი. ასევე დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და არსებული სისტემა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას ეს მონაკვეთი ჩაიკეტება და გადაადგილება შეზღუდული იქნება. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო დღეებში მივაწვდით. სამუშაოების დროს, ვარაზისხევსა და კოსტავას ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ორივე მიმართულებით შეეძლებათ.". - თქვა კალაძემ.

კომენტარები