რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერთი თვე ოკუპაციაში, გატაცება და ბელარუსული პასპორტი – ბუჩელი წითური კატის, მაქსის ისტორია

Dumskaya

მაქსი ბუჩაში მცხოვრები ალიონას კატაა, რომელიც ტყვეობისა და რამდენიმე უცხო ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. 

"ჩვენ გოსტომელის აეროპორტიდან 3 კილომეტრში, ტყიან ბუჩაში ვცხოვრობთ. როდესაც ღამე დაბომბვა დაიწყო, ელდა მეცა, უბრალოდ ლოგინზე ვიჯექი და არსად წასვლას არ ვაპირებდი. გონს ქმარმა მომიყვანა. შევთანხმდით, რომ მე და წლინახევრის ბავშვს ჟიტომირში წაგვიყვანდა, თვითონ კი ბარგისა წამოსაღებად და კატის წამოსაყვანად ბუჩაში დაბრუნდებოდა. ერთი ზურგჩანთა ავიღე, ქმარს სპორტული კოსტუმი ეცვა. როდესაც კიევის ოლქს მივაღწიეთ მეზობლებმა დარეკეს, გვითხრეს, რომ სოფელში რუსული დესანტი შემოვიდა. მივხვდით, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს". – იხსენებს ალიონა, რომელიც ამჟამად ჩეხეთში ცხოვრობს.

მარტის დასაწყისში ახალგაზრდა ქალის სახლში რუსმა სამხედროებმა დაიდეს ბინა.

"მაქსს ყოველთვის ერთი დღის სამყოფი საჭმელ-სასმელი აქვს, მაგრამ ვინაიდან არ ვბრუნდებოდით მეზობლებს ვთხოვეთ ფანჯრები მაინც ჩაემსხვრიათ, რომ კატა გარეთ გასულიყო. მეზობლებმა ვერაფერი ქნეს, იმიტომ რომ, ჩვენს ეზოში ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს და სანგარი გათხარეს. მეზობლად მცხოვრები ბაბუა გვირეკავდა და ახალ ამბებს გვიყვებოდა, მისი თქმით მაქსს რამდენჯერმე თვალი მოკრა სოფელში, ნამდვილად ის იყო, დასახლებაში წითური კატა მხოლოდ ჩვენ გვყავდა". – ამბობს ალიონა.

მარტის ბოლოს უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩადან ოკუპანტები განდევნეს. ალისას ოჯახი სოფელში დაბრუნდა:

"მთელი სახლი დანგრეული და გაძარცვული იყო. ავეჯი უცენზურო წარწერებით გააფუჭეს, პირადი ნივთები კარადებიდან გადმოყრილი დაგვხვდა. ყველაფერი კართან ეწყო, ეტყობა მოაგროვეს, მაგრამ წაღება ვეღარ მოასწრეს. საბავშვო ოთახში მესანგრეებმა ხელყუმბარით გაკეთებული ხაფანგი აღმოაჩინეს. მაქსის ძებნა დავიწყეთ, იმედი გვქონდა, რომ ცოცხალია, რომ მოხალისეებმა წაიყვანეს, რომლებიც შინაურ ცხოველებზე ზრუნავენ. 38 დღე მჯეროდა, რომ ის ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დასახლებაში ჯოჯოხეთი ტრიალებდა, იმედს მაინც არ ვკარგავდი". 

ბავშვის ოთახში დატოვებული ხელყუმბარა

აპრილის შუა რიცხვებში ალიონას უცნობმა ბელარუსიდან Viber-ით დაურეკა.

"კატის სამკაულზე თქვენი ნომერი იყო მითითებული, არ ვიცოდით დაგვერეკა თუ არა, არც ის ვიცოდით ამ ყველაფრის მერე ბელარუსების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ". – უთხრა ალიონას ახალგაზრდა ქალმა, რომელიც Viber-ით დაუკავშირდა.

აღმოჩნდა, რომ მაქსი ოკუპანტებმა მოიტაცეს. კატა 300 კილომეტრზე მეტი იმგზავრა ნაძარცვ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ერთად. რუსი სამხედროები ბელარუსში გადავიდნენ, კატა სოფელ გომელთან გაიქცა, ადგილობრივებმა მაქსი შეიფარეს. 

"თავიდან მეგონა, რომ უკბილო ხუმრობას აქვს ადგილი, მაგრამ ფოტოები გამომიგზავნეს, ნამდვილად მაქსი იყო, თანაც სამკაული ეკეთა, რომელზეც ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია იყო მითითებული". – ამბობს ალისა.

ბელარუსი მოხალისეების დახმარებით მაქსს ვეტერინარული პასპორტი დაუმზადეს და ცხოველი პოლონეთში გააგზავნეს, იქიდან კი კატა ოჯახს, ჩეხეთში დაუბრუნდა. 

ალიონას სახლი ბუჩაში

წყარო: Dumskaya

 

კომენტარები