რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის ქვედანაყოფებმა უკრაინაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს

უკრაინელი სამხედრო, მარიუპოლი. 12 მარტი, 2022
AP Photo/Mstyslav Chernov

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი იზიუმსა და სევეროდონეცკში ძალების მობილიზებას ცდილობს, რათა სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიოს.

"ამ ეტაპზე, რუსეთის სამხედრო ძალების მთავარი მიზანი უკრაინის ქვედანაყოფების შეზღუდვაა, რათა დასავლეთით მდებარე ჯგუფებთან გაერთიანება ვერ შეძლონ. ამასთან ერთად, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების მხრიდან დონბასში მდინარის გადაკვეთის მცდელობები აღკვეთეს

სატელიტური სურათების მიხედვით, სევეროდონეცკის დასავლეთით, მდინარე სივერსკის გადაკვეთისას რუსეთის სამხედრო ძალებმა დაკარგეს, მინიმუმ, ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ჯავშანტექნიკის ელემენტები და განლაგებული პონტონური ხიდის აღჭურვილობა. მდინარის გადაკვეთა კონფლიქტურ ზონაში სარისკო ქმედებაა, რაც ოკუპანტების რთულ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, რუსეთის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწიეს.

კიევისა და ჩერნიგოვის ოლქიდან დანაყოფების გაყვანისა და განლაგების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს". - წერია ანგარიშში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები