რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნიგოვის ოლქზე საჰაერო იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

ჩერნიგოვი
UNIAN

ჩერნიგოვის ოლქზე საჰაერო იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ინფორმაციას ნოვგოროდ-სევერსკის საქალაქო საბჭო ავრცელებს. 

ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ლუდმილა ტკაჩენკოს განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია და მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა შეუძლებელია. მისივე ცნობით, ზოგიერთი დაშავებული  გადაიყვანეს სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, მცირე დაზიანებებით მკურნალობენ ადგილობრივ საავადმყოფოში.

”მტრის სამიზნე იყო სკოლები, ამავდროულად, სხვადასხვა ხარისხით დაზიანდა მახლობლად მდებარე შენობები - კულტურის სახლი, საავადმყოფო, სამედიცინო კოლეჯის ჰოსტელი და სხვა".- თქვა მან.

ჩერნიგოვის ოლქში, ღამით რამდენიმე საჰაერო თავდასხმა მოხდა ნოვგოროდ-სევერსკისზე. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები