რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსმა უკრაინის საზღვართან სპეცრაზმი განალაგა

ბელარუსი სპეცრაზმელები მინსკში
Nikolai Petrov/BelTA Pool Photo via AP

ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა სამი მიმართულებით საზღვრებზე, მათ შორის, უკრაინის საზღვართან ახლოს, სპეცრაზმელები განალაგა.

ამის შესახებ ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ გულევიჩმა ისაუბრა. 

შენაერთების საზღვრებთან განლაგება ჯარის მზადყოფნის შემოწმების მეორე ეტაპის ფარგლებში ხდება.

გულევიჩი საზღვრების გამაგრებას აშშ-სა და მისი პარტნიორების მიერ ბელარუსის გარშემო სამხედრო აქტიურობით ხსნის. ასევე, მისი თქმით, ბელარუსს რეაქცია უნდა ჰქონდეს სამხრეთ საზღვრებთან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აქტიურობაზეც.

"აქედან გამომდინარე, ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში შეიმუშავეს ზომების კომპლექსი, რომლებიც მიმართულია შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებისკენ. სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმების მეორე ეტაპის ფარგლებში, დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ოპერატიულ მიმართულებებზე განლაგდა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები. მათი გაძლიერებისთვის განლაგდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, სარაკეტო ჯარისა და არტილერიის დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საბრძოლო ფუნქციონირებას. სამხრეთის ოპერატიული მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელიც 20 000-მდე კაცს მოიცავს, ასევე მოითხოვს ჩვენგან რეაქციას.

სპეციალური ოპერაციის ძალები, რომლებიც განლაგებულია სამი ტაქტიკური მიმართულებით, უზრუნველყოფენ ბელარუსის უსაფრთხოებას. ამას გარდა, დღევანდელი დღიდან, ჩემი ხელმძღვანელობით ტარდება ტერიტორიული თავდაცვის ორი უბნის შემოწმება, ტერიტორიული ძალების განლაგებული ქვედანაყოფები მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად დავალებებს შეასრულებენ". – თქვა გულევიჩმა.

ბელარუსში შეიარაღებული ძალების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება 4 მაისს დაიწყო. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ეს სწავლება "არ ატარებს არანაირ საფრთხეს არც ევროპული საზოგადოებისთვის და არც მეზობელი ქვეყნებისთვის".

საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების დაწყების წინა დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარში უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

კომენტარები