დაცული ტერიტორია

ახალი დაცული ტერიტორია – მთავრობამ საჩხერეში კვერეთის აღკვეთილის შექმნა დაამტკიცა

საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. კერძოდ, საჩხერის მუნიციპალიტეტში 14 797 ჰექტარ ტერიტორიაზე კვერეთის აღკვეთილი დაარსდება. 

"ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსის მდგრად მართვას. კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება. 

კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება  ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა თითქმის 300 000 ჰა-ით და 2021 წლის მდგომარეობით, შეადგენს დაახლოებით 800 000 ჰექტარს (ქვეყნის ტერიტორიის 11.5%). 2012-2021 წლებში შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია.

კომენტარები