რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე ათწლეული შეიძლება დასჭირდეს

EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე ათწლეული შეიძლება დასჭირდეს, ამიტომ, მისი აზრით, უკრაინის ინტეგრაციისთვის ახალი ევროპული ალიანსის შექმნაა საჭირო.  

"ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ [უკრაინის ევროკავშირში] გაწევრიანებას რამდენიმე წელი, ფაქტობრივად - რამდენიმე ათწლეული, დასჭირდება. ეს არის სიმართლე, თუ არ გადავწყვეტთ გაწევრიანების სტანდარტების დაწევას და გადავხედავთ ჩვენს ევროპულ ერთიანობას". - თქვა მაკრონმა სტრასბურგში ევროპული დღის აღნიშვნისას.

მაკრონის თქმით, მისი შემოთავაზებული ახალი ევროპული გაერთიანება ევროკავშირს საშუალებას მისცემს, გააღრმავოს ურთიერთობა არაწევრ სახელმწიფოებთან. მისი განმარტებით, ამ გაერთიანების ნაწილი შეიძლება იყოს უკრაინა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოც კი. 

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა მოხდეს რუსეთის "დამცირება" სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისას. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, მოსკოვსა და კიევს საბოლოოდ მოუწევთ მოლაპარაკებები ერთმანეთთან, ამიტომ შემდგომი დაძაბულობა მხოლოდ სიტუაციის გაართულებს.

"ჩვენ სამომავლოდ მშვიდობას უნდა მივაღწიოთ - ნუ დავივიწყებთ". - თქვა მაკრონმა.

უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის დარჩენილ, მეორე ნაწილზე მუშაობა 9 მაისს, პირველი ნაწილის შევსება კი 17 აპრილს დაასრულა

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი იგორ ჟოვკვა თვლის, რომ უკრაინა ევროკავშირში უახლოეს წლებში გაწევრიანდება.

კომენტარები