რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნობაევკა – მიმად ქცეული უკრაინული სოფელი

ომის დაწყებიდან ორ კვირაში ხერსონის ოლქში მდებარე პატარა სოფელი ჩერნობაევკა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასახლება და ათასობით მიმის ინსპირაციის წყარო გახდა. 

ისტორია

ჩერნობაევკა მე-17 საუკუნეში დაარსდა. სოფლის გაშენებას ზაპოროჟიელ კაზაკს, პეტრო ჩერნობაის მიაწერენ, რომელმაც მიწა რუსი იმპერატორისგან, ეკატერინესგან მიიღო.

საბჭოთა პერიოდში ჩერნობაევკა არაფრით გამორჩეული სოფელი იყო - კოლმეურნეობით, კულტურის სახლითა და გამოჩენილი კომუნისტი ბელადების ქანდაკებებით. დამოუკიდებლობის პერიოდში ჩერნობაევკას მაცხოვრებელთა დღის განრიგი დიდად არ შეცვლილა - ხვნა, თესვა, მოსავლის აღება, მეცხოველეობა. ერთადერთი სტრატეგიული ნაგებობა ადგილობრივი აეროდრომია, რომელიც რუსეთმა ომის პირველივე დღეს დაბომბა. სოფელმა სახელი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაითქვა. ჩერნობაევკა ოკუპანტი ჯარისკაცის კოშმარად იქცა, მონსტრად, რომელიც რუსი სამხედროებითა და ტექნიკით იკვებება.

უკრაინული ბერმუდის სამკუთხედი

დღევანდელი მონაცემებით, ჩერნობაევკას აეროდრომში რუსეთის არმიამ გამაგრება 18-ჯერ სცადა - ყველა ჯერზე სამხედრო ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. დროსთან ერთად ჩერნობაევკა გახდა ადგილი, სადაც რუსი ჯარისკაცები, უბრალოდ, ქრებიან. ჩერნობაევკა არის ერთგვარი უკრაინული ბერმუდის სამკუთხედი ან საილენთ ჰილი ოკუპანტთათვის. 

ყველაფერი კი 27 თებერვალს დაიწყო, როდესაც უკრაინელმა სამხედროებმა სოფელში რუსული ვერტმფრენები და დესანტი გაანადგურეს. ისტორია 8 დღეში განმეორდა, 7 მარტს უკრაინელებმა ოკუპანტების 30 საფრენი აპარატი გაუნადგურეს. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიამ კიდევ ორჯერ დაკარგა სამხედრო ტექნიკა ჩერნობაევკაში. 20 მარტს “ჩერნობაევკას ფენომენის” შესახებ უკრაინის პირველმა პირმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ილაპარაკა:

"ჩერნობაევკა ომების ისტორიაში შევა. ეს არის ადგილი, სადაც რუსმა სამხედროებმა, მათმა მეთაურებმა საკუთარი თავი ბოლომდე წარმოაჩინეს… ისეთებად, როგორებიც რეალურად არიან – უნიჭოები, რომელთაც სასაკლაოზე საკუთარი ხალხის გაგზავნის მეტი არაფერი შეუძლიათ".

22 მარტს “ჩერნობაევკის ფენომენის” ახსნას შეეცადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი:

"მათ ნიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით ყირიმიდან უზარმაზარი სამხედრო შენაერთი დაძრეს. მხოლოდ ერთი გზა აქვთ, გაიარონ ანტონოვისა და ახალი კახოვკის ხიდები, თუმცა ეს ჩანაფიქრი სურვილად რჩება, ამის საშუალებას არ ვაძლევთ. როგორც არ უნდა დაიმალონ ღია სტეპში, მაინც ვახერხებთ მათ პოვნას.

ვერტმფრენს კი მხოლოდ ფილმებში შეუძლია ნებისმიერ ზედაპირზე დაშვება და ყველგან ფრენა. საჭიროა აეროდრომი, შესაბამისად, ვიცით დესანტის გადმოსხდომის ზუსტი ადგილი".

მოგვიანებით, არისტოვიჩმა კიევის აღების მცდელობასაც "დიდი ჩერნობაევკა" უწოდა:

"ისინი იდიოტები არიან. მათი ერთადერთი მიზანია დედაქალაქის დაპყრობა, რომელსაც ბოლომდე არ მოეშვებიან, ამავდროულად, ჩვენ აქ ყველა მათ ჯარისკაცს დავმარხავთ. კიევს არაფერი ემუქრება. მათ შეეძლოთ აქ გამოგზავნილი შენაერთები სამხრეთში ან აღმოსავლეთში გამოეყენებინათ, მაგრამ ერთსა და იმავე სისულელეს აკეთებენ. არ ჰყავთ მამაცი ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის: “ეს გეგმა არ მუშაობს, რამე სხვა მოვიფიქროთ".

სამხედრო ექსპერტები

მსგავსი პოზიცია აქვთ როგორც რუს, ისე უკრაინელ სამხედრო ექსპერტებსაც.

"დიდი არჩევანი არ აქვთ, უნდა გარისკონ. ასევე, სახეზე გვაქვს რუსული სამხედრო კონტინგენტის შეცდომები. უმაღლესს სარდლობას სხვა სამხედრო რგოლებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს, ასევე არ ხდება პატაკებისა და შესაბამისი რეაგირების დროული მიწოდება". ამბობს რუსი სამხედრო ექსპერტი, ნიკოლაი ზამიკულა.

"რუსებს საქმე ასე უდგათ - მთავარსარდლებისგან, რომლებმაც არ იციან ადგილობრივი თავისებურებები, მოდის ბრძანება, მაგალითად, “დაიძარით ნიკოლაევოს მიმართულებით”. ჯარისკაცებიც კითხვის დასმის გარეშე ასრულებენ აბსურდულ ბრძანებას". ამბობს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ალექსანდრ მუსიენკო.

სიმღერები ჩერნობაევკაზე

წარუმატებელი შეტევების გამო ჩერნობაევკას შესახებ არაერთი სიმღერა და ვიდეოკლიპი შეიქმნა.

მარტის ბოლოს უკრაინულმა როკ ბენდმა Spiv Brativ დამცინავი სიმღერა ჩერნობაევკა გამოაქვეყნა.

"როდესაც ამ სიმღერას ვწერდი, თქვენ ცხრაჯერ დამარცხდით, ვერაფერს იზამთ, თქვენ სიკვდილი გიბრძანეს". – მღერის ჩერკასული ოთხეული.

3 აპრილს, უკრაინელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, მიხეი მედვედევმა, იგივე Jalsomino-მ, ჩერნობაევკას ტრეკი მიუძღვნა.

"არის ასეთი ადგილი ჩვენს მიწაზე, რომელიც ყველა რუსისთვის სასაფლაო გახდება, ეს არის შავი ხვრელი რუსებისთვისა და მათი ვერტმფრენებისთვის". – მღერის Jalsomino.

2 მაისს ტრენდს უკრაინის სამხედრო ძალებიც შეუერთდნენ. არმიასთან არსებულმა ორკესტრმა სვეტლანა რედნიჩთან ერთად Пісня про Чорнобаївку შეასრულა.

"ჩერნობაევკა – ჯოჯოხეთი მტრებისთვის, ჩერნობაევკა – აქ თქვენი “რუსული სამყარო” დაიწვა, ჩერნობაევკა - კიდევ x-ჯერ დაგწვავთ". – მღერის რედნიჩი.

მიმები

უკრაინულ ონლაინ სივრცეში ცალკე ადგილი უჭირავს იმ უამრავ მიმს, რომელიც ჩერნობაევკაზე შეიქმნა, თუ არ ჩავთვლით ლუკაშენკოს “ისტორიულ” გამოსვლას, რომელზეც ბელარუსის პრეზიდენტი საკუთარი რუკებით მივიდა, ჩერნობაევკაზე შექმნილი მიმები ყველაზე პოპულარულია. 

ჩერნობაევკა თანამედროვე უკრაინის ისტორიაში უკვე შევიდა, როგორც უკრაინელი ხალხის უდრეკობისა და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლო. ის შევიდა რუსეთის ისტორიაშიც, როგორც არაპროფესიონალიზმისა და სამხედრო უვიცობის სინონიმი. 

კომენტარები