რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა ნავთობით მიღებული შემოსავალი გააორმაგა – THE GUARDIAN

Photograph: Michael Sohn/AP

ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირთან ნავთობის მიყიდვით მიღებული შემოსავალი თითქმის გააორმაგა. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული ნავთობის მოცულობა შემცირდა, ფასის ზრდის შედეგად გაიზარდა შემოსავალიც.

ორგანიზაცია Centre for Research on Energy and Clean Air-ის (CREA-ის) მიხედვით, რუსეთმა, შეჭრის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტიდან დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მიიღო. 

უკანასკნელ ორ თვეში ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსისთვის €44 მილიარდი გადაუხადა. შედარებისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებისთვის ვაჭრობაში ჯამში €140 მილიარდი, თვეში დაახლოებით საშუალოდ 12 მილიარდი ევრო დახარჯა. 

კვლევა აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა მთავრობები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ვლადიმირ პუტინის მცდელობას, გამოიყენოს ნავთობი და გაზი ეკონომიკურ იარაღად, რუსეთი კვლავ იღებს სარგებელს ევროკავშირის ენერგომომარაგებით. 

გრაფიკი აჩვენებს 20 ყველაზე დიდ იმპორტიორ ქვეყანას. წითელი აღნიშნავს მილსადენით მიწოდებულ ნავთობს, ყვითელი - ნედლ ნავთობს, ნაცრისფერით კი სხვა ენერგორესურსები, მათ შორის ნახშირი, თხევადი ნავთობი და სხვა ნავთობპროდუქტები.

The Guardian-ის მიხედვით, უმსხვილეს იმპორტიორად გერმანია ჩნდება. 

CREA-ის მონაცემებით, რუსეთიდან უცხოურ პორტებში ნედლი ნავთობის მიწოდება აპრილის პირველ სამ კვირაში, იანვარსა და თებერვალთან შედარებით, 30%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებისა და ომის გამო რუსეთიდან ენერგორესურსთა ექსპორტი შემცირდა, ფასის ზრდის ხარჯზე რუსეთის შემოსავალი მაინც იზრდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგოკომპანიათა დიდი ნაწილი სამთავრობოა, მიღებული შემოსავლით პირდაპირ რუსეთის ფედერაცია სარგებლობს. 

CREA-ის მკვლევრის, ლაური მილივირტას თქმით, იმისათვის, რომ დასუსტდეს პუტინის ომის მანქანა, საჭიროა, ევროკავშირმა შეწყვიტოს რუსული ნავთობის მოხმარება. 

კომენტარები