რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის თქმით, მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ. ამის შესახებ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, NATO-სა და ევროკავშირის წევრი 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"ქვეყნები მთელი მსოფლიოდან აქტიურობენ, რათა უკრაინას მიაწოდონ სასწრაფო საჭიროებები. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მასპინძელ გერმანიას, მინისტრ ლამბრეხტს, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 50 გეპარდის ტიპის ტანკს გადასცემს, გუშინ ბრიტანეთმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით ანტისაჰაერო აღჭურვილობას გაუგზავნის, დღეს კი კანადამ განაცხადა, რომ უკრაინას 8 ჯავშანმანქანას გაუგზავნის. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ". - თქვა ოსტინმა.

ოსტინმა აღნიშნა, რომ მომდევნო კვირები უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება, ამიტომ მოკავშირეებმა იმ ომის სიჩქარით უნდა იმოქმედონ, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელის მსგავსი ფორუმები ყოველთვიური გახდება.

"პროცესის გასაგრძელებლად ამ ფორუმის გაფართოებას ვგეგმავთ. უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით შეხვედრები ყოველთვიური გახდება. შეიქმნება საკონტაქტო ჯგუფები, რომლებშიც ის ქვეყნები შევლენ, რომლებიც კეთილ ნებას გამოხატავენ, რათა გამოიჩინონ ძალისხმევა, მოახდინონ დახმარების კოორდინირება და ფოკუსირება გააკეთონ დღევანდელ ბრძოლებსა და მოსალოდნენ შეტაკებებზე. შეხვედრები იქნება როგორც პერსონალური, ასევე ვირტუალური ან შერეული". - თქვა ოსტინმა.

კომენტარები