ლელო

ლელო ღარიბაშვილს: შეხვდით თუ არა ალი უზდინოვს? გაასაჯაროვეთ საუბრის შინაარსიც

ლელო ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის შესაძლო საუბრის ამსახველ ჩანაწერს ეხმაურება და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, დაუყონებლივ გაასაჯაროვოს ინფორმაცია, შეხვდა თუ არა თბილისში კრემლთან დაახლოებულ პირს, რუსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს ალი უზდინოვს. პარტია მოითხოვს, თუ შეხვედრა შედგა, გასაჯაროვდეს საუბრის შინაარსი. ასევე, ლელოს ფრაქცია შსს-გან ოფიციალურად გამოითხოვს ინფორმაციას, გასული 2 თვის მანძილზე ალი უზდინოვმა გადმოკვეთა თუ არა სახელმწიფო საზღვარი.

"სანქციების რეჟიმის დარღვევაში ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დახმარების აღმოჩენა საქართველოს ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების მიერ, საფრთხის ქვეშ დააყენებს როგორც ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, ასევე ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მომავალს და მის ეკონომიკას. ამის თაობაზე ქართული ოცნების ხელისუფლებას მრავალი საჯარო და პირადი გზავნილი აქვს მიღებული ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეებისაგან" - აცხადებს ლელო და უკიდურესად შემაშფოთებელს უწოდებს გავრცელებულ ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის სანქცირებული წარმომადგენლების შესაძლო კავშირის თაობაზე.

"აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მისი არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, სანქციების რეჟიმის გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენაში დამნაშავედ ჩაითვალოს. შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, თავადაც აღმოჩნდეს სანქცირების საფრთხის ქვეშ, უმძიმესია.

რუსეთისათვის დაწესებული სანქციების რეჟიმის დაცვა დღეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ყველანაირი ეჭვი, რომელიც უკავშირდება საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას, საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის წარმატებას ნატო-ს მოახლოვებულ ისტორიულ სამიტზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის პოზიტიურად შეფასებას. 

პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა შესაბამის შედეგზე დაეკისრება ქართული ოცნების ხელისუფლებას. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, ყველა კითხვას, როგორც სანქცირებულ პირებთან ურთიერთობებზე, ასევე სანქციების რეჟიმის დაცვაზე, ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს" - ნათქვამია ლელოს განცხადებაში.

Youtube-ზე გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც შესაძლოა ასახავდეს ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბარს. გავრცელებულ ჩანაწერში, სადაც ორ სხვადასხვა დროს შემდგარი სავარაუდო ლაპარაკია ნაჩვენები, სავარაუდოდ ივანიშვილი სავარაუდოდ ევტუშენკოვს ეუბნება, რომ "სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ გაძლებაა საჭირო, რას იზამ".

ამის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი თანამოსაუბრეს ეუბნება, რომ რაღაცას "მანდ დავითი მოიტანს", რაც მისივე თქმით, ივანიშვილსაც დააინტერესებს და სხვებსაც.

მეორე ზარის შემდეგ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი სავარაუდოდ ივანიშვილს ეუბნება, რომ "ჩემი კაცი ჩამოვიდა, ალი, იცნობ შენ მას" და ეკითხება, ბოლოსდაბოლოს, შეუძლია თუ არა, შეხვდეს მას, რაზეც თანამოსაუბრე პასუხობს, რომ ის მაშინვე პრემიერს გაუგზავნა.

კომენტარები