წმიდა ცეცხლის რიტუალი

იერუსალიმის საპატრიარქომ წმიდა ცეცხლის რიტუალი აღასრულა

იერუსალიმში წმიდა ცეცხლის რიტუალი ჩატარდა. 

ცერემონიაში მონაწილეობა იერუსალიმის პატრიარქმა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მღვდელმა მიიღეს. 

2020 წლის 5 აპრილს ათენისა და სრულიად საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ ბერძნულ ტელეკომპანია ANT1 TV-სთან ინტერვიუში წმიდა ცეცხლის რიტუალის შესახებ ისაუბრა.

მთავარეპისკოპოსს ჰკითხეს, კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორ მოხერხდება საბერძნეთში იერუსალიმის სარიტუალო-სააღდგომო ცეცხლის ტრანსპორტირება, რომელსაც მართლმადიდებელთა ნაწილი ზებუნებრივი წარმოშობისად მიიჩნევს, ნაწილი კი, რიტუალში მხოლოდ უკვე არსებული ცეცხლის კურთხევის ცერემონიას ხედავს.

საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა თქვა:

"წმინდა ცეცხლი, ისედაც ყოველთვის არის ეკლესიაში", - თქვა მთავარეპისკოპოსმა და დაამატა, რომ "ძველად, იქამდე, რაც დღეს ხდება ამ წმიდა ცეცხლის მისაღებად, ჩვენ წმინდა ტრაპეზზე არსებული კანდელიდან ვიღებდით ცეცხლს. არ არსებობს პირველი კატეგორიის და მეორე კატეგორიის წმინდა ცეცხლი. ორივე ერთი და იგივეა", - აღნიშნა უნეტარესმა იერონიმემ.

მისი თქმით "ეს არის ჩვევები, რომელიც გვიან გამომუშავდა" მაგრამ ეკლესია იპოვის გზას, გადაჭრას პრობლემა და ჩაიტანოს საბერძნეთში სარიტუალო ცეცხლი.

2001 წელს, იერუსალიმის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, პეტრას მიტროპოლიტმა კორნელიუსმა, ბერძნული ტელეკომპანია MEGA-ს ეთერში, გადაცემაში Grizes Zones განაცხადა, რომ "საქმე ეხება ბუნებრივ ცეცხლს, მაგრამ ლოცვები, რომელსაც კითხულობს პატრიარქი ან სხვა, მისი შემცვლელი მღვდელმთავარი, აკურთხებენ ამ წმიდა ცეცხლს, რის შემდეგაც მას აქვს წმიდა ცეცხლის მადლი. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ ჩაუქრობელი კანდელიდან, რომელიც ინახება აღდგომის ტაძარში. მაგრამ ლოცვებს შეუძლიათ აკურთხონ ბუნებრივი ცეცხლი და ის ხდება ზებუნებრივი ცეცხლი. სასწაული - ეპიკლეზაშია (სულიწმიდის მოხმობაში), მღვდელმთავრის ლოცვაში, მისით იკურთხება ეს ცეცხლი", - თქვა მღვდელმთავარმა, რომელმაც 2001 წლის 15 აპრილს თავად აღასრულა დიდი შაბათის ცეცხლის კურთხევის წესი.

იმავეს ამბობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. სომეხი იერარქების განცხადებით, პატრიარქისა და სომეხი იერარქის კუვუკლიაში შესვლისას, ორი კანდელი ანთია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2016 წელს, სამების საკათედრო ტაძარში, წმიდა გრიგოლ პალამას ხსენების დღეს განაცხადა, რომ იერუსალიმში "გადმოსული ცეცხლი" ის ნათელია, რომელიც თან ახლავს ღმერთს.

წინასააღდგომოდ, ცეცხლის კურთხევის ტრადიციას არაერთი ქრისტიანული ეკლესია მისდევს, რასაც დღესასწაულთან დაკავშირებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები