რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: განსხვავებით ევროპისა, საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

ემანუელ მაკრონი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას 
Sputnik/Kremlin via REUTERS

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, განსხვავებით ევროპის ქვეყნების უმრავლესობისა, საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება. პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს.

"ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს გაზის სხვა ბაზრებთან". - ამბობს ემანუელ მაკრონი France 5-თან ინტერვიუში. 

მაკრონის თქმით, სწორედ მისი ინიციატივით გადაიდო რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე. ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ სხვა ქვეყანა გამოდის, თუმცა, პრეზიდენტი არ ასახელებს, რომელი. 

"ევროპის ბაზარი ურთიერთდამოკიდებულია და, შესაბამისად, ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე". - ამბობს მაკრონი.

მისი თქმით, ევროპელებმა რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვა უნდა შეწყვიტონ, რათა შესუსტდეს მოსკოვის ბრძოლისუნარიანობა უკრაინაში. 

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარე ევროკავშირს რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს, თუმცა, შიდაუთანხმოების გამო ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. ამის ნაცვლად, ევროპის ქვეყნები რუსული ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ალტერნატივების მოძიებით ცდილობენ.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები