რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნეჰამერი: რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ახლა "შეუძლებელია"

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა ახლა "შეუძლებელია". ასევე, მისი თქმით, ევროკავშირმა ისეთი სანქციები უნდა დააწესოს მოსკოვის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს დააზიანებს და არა - ევროკავშირს.

"ავსტრია მტკიცედ დგას ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენოს რუსეთს, ვიდრე ევროკავშირს. მეორე მხრივ, მხოლოდ ავსტრია არ არის გაზის ემბარგოს წინააღმდეგი" - თქვა ნეჰამერმა გერმანიისა და უნგრეთის პოზიციებზე დაყრდნობით.

ავსტრიის კანცლერის თქმით, ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირის დღის წესრიგში უკვე დგას, თუმცა რუსული გაზის საკითხი სხვა სირთულესთან ასოცირდება. ნეჰამერმა აღნიშნა, რომ გარდა ავსტრიისა, ამ პოზიციას გერმანია, უნგრეთი და ბულგარეთიც იზიარებენ.

"ჩვენ დამოკიდებული ვართ გაზზე. ჩვენი ინდუსტრიები დამოკიდებულია გაზზე". - ამბობს ავსტრიის კანცლერი CNN-თან ინტერვიუში.

გასულ კვირას, 10 აპრილს ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. კარლ ნეჰამერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 

გამართულ შეხვედრაზე, ავსტრიის კანცლერმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს იქამდე, სანამ ომი არ დასრულდება.

"სანამ ხალხი იღუპება, იქამდე ყველა სანქცია არასაკმარისია". - თქვა კარლ ნაჰერმა.

ასევე, 13 აპრილს გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა ვოლფგანგ ბუხნერმა თქვა, რომ გერმანიამ რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერლინი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზსა ან ნავთობზე იმპორტის შეზღუდვის დაწესების წინააღმდეგია.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები