კრიმინალი

დააკავეს პირი, რომელმაც დევნილს მოატყუა, რომ $1 000-ის სანაცვლოდ ბინის მიღებაში დაეხმარებოდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც დევნილი მოქალაქე მოტყუებით დაარწმუნა და თანხის სანაცვლოდ ბინის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაუკავშირდა დევნილის სტატუსის მქონე ერთ-ერთ პირს, მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამდებობის პირის მეშვეობით, შეძლებდა დაინტერესებული პირისთვის დევნილის ქულის მომატებასა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, ვადაზე ადრე, საცხოვრებელი ბინის მიღებაში დახმარებას". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა $1 000, რის შემდეგაც ის დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები