რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 17%-მდე ამცირებს

REUTERS/Maxim Shemetov/

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი მკვეთრად, 20%-დან 17%-მდე შეამცირა.

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების, დაკრედიტების და ინფლაციის მაჩვენებელზე ახდენს გავლენას. რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რა პროცენტშიც ეროვნული ბანკი ხაზინიდან კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება პირდაპირპროპორციულად შეამცირებს კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთს. 

ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ცვლილების მიზეზად ინფლაციის საფრთხის შემცირება დაასახელა.

1-ლი აპრილის მონაცემებით, რუსეთის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 16,7%-ია, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. ამის მიზეზი დასავლეთის უპრეცედენტო სანქციები და რუსეთის მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვაა.

ცენტრალური ბანკის თქმით, ინფლაცია ზრდას გააგრძელებს, თუმცა უახლოესი ყოველკვირეული მონაცემები ფასების ზრდის ტემპის შენელებაზე მეტყველებს. 

ასევე, რუბლის ისტორიული გაუფასურების შემდეგ, ვალუტა კვლავ იწყებს გამყარებას. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 79 რუბლის ტოლია. 


24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები