რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიიარტო: ეს ჩვენი ომი არ არის, არ ვართ მზად უნგრეთის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათივე შეფასებით "შეურაცხმყოფელი განცხადებების" გამო, უკრაინის ელჩი გამოიძახა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ ისაუბრა.

მსგავსი განცხადება სიიარტომ ვიქტორ ორბანის ქვეყნის პრემიერმინისტრად მეოთხე ვადით არჩევიდან 3 დღეში გაავრცელა. ორბანი რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, უკრაინის სუვერენიტეტს აღიარებს, ომის დაწყების შემდეგ კი უნგრეთმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლტოლვილი შეიფარა, თუმცა ორბანი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს. მისი თქმით, ის ქვეყანას ომისგან იცავს.

"ჩვენ ვგმობთ სამხედრო აგრესიას, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს – ეს არის უდიდესი ჰუმანიტარული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნგრეთი და უნგრელი ხალხის უსაფრთხოებაა. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ. ამიტომ, ჩვენ არ ვგზავნით იარაღს და მხარს არ ვუჭერთ ენერგეტიკულ სანქციებს". - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სიიარტომ ხაზი გაუსვა, რომ უნგრელი ხალხი მთავრობის პოზიციას მხარს უჭერს და ეს ჩატარებულმა არჩევნებმაც აჩვენა. ამასთან, მან უკრაინას უნგრელი ხალხის ნების პატივისცემისკენ მოუწოდა.

"დროა უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ უნგრეთის შეურაცხყოფა და გაითვალისწინონ უნგრელი ხალხის ნება. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ნათელი და გასაგები იყოს, დღეს დილით საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი გამოვიძახეთ". - თქვა სიიარტომ.

კომენტარები