კრიმინალი

"იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, მისამართზე წაეყვანა" – საქ. ბანკზე თავდამსხმელები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე წარსულში ნასამართლევი 2 ადამიანი - 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები 1-ელ აპრილს, ბანკის ფილიალში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხეს, იქვე მდგომ ავტომობილში ჩასხდნენ და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, რომ ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა. 

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე საათში დაადგინეს თავდამსხმელების ვინაობა და ადგილმდებარეობა. პოლიციამ ორივე მათგანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები