ქართული ოცნება

ვოლსკი: თუ საჭირო იქნება, ელჩების დანიშვნაზე მიმოწერა უნდა გასაჯაროვდეს

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი ვოლსკის თქმით, თუ საჭირო იქნება, დიპლომატიური მისების ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მიმოწერა უნდა გასაჯაროვდეს.

"სკანდალს მოწყურებული მედიასივრცე ამას წარმოადგენს, როგორც უბედურებას, მაგრამ ერთი იცოდეთ, რომ დემოკრატიული სამყაროსთვის, დემოკრატიული ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, კონკრეტულ თემაზე ან კონკრეტულ განმარტებაზე ორ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ჰქონდეს განსხვავებული აზრი. თუ საჭირო იქნება მიმოწერის გასაჯაროება, რასაკვირველია, ეს ასეც უნდა მოხდეს, ვინაიდან სტრუქტურა არ არსებობს, რომელიც თავისთვის მუშაობს, ან თავისთვის არსებობს. ყველაფერი ეკუთვნის ხალხს, მათ შორის, ინფორმაცია". – თქვა ვოლსკიმ.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შესაბამისი დოკუმენტები და მიმოწერა არსებობს.

საქართველოს მთავრობა ტყუილს უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადებას, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილი 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით მისთვის წარდგენილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყველა კანდიდატს დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ პრეზიდენტის მიერ ელჩების კანდიდატების უარყოფის მიზეზით ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო დავა დააანონსა.

კომენტარები