კრიმინალი

შსს: დავაკავეთ 13 პირი – ისინი კლუბებში ტურისტებს შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს თაღლითური ჯგუფის 13 წევრი, რომლებიც ტურისტებს შეკვეთილი მომსახურების  შეუსაბამო დიდ თანხებს ახდევინებდნენ. 

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია". - წერია განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებული ქალები, რომლებიც თბილისში მდებარე კლუბებში - ქალაქურსა და როიალში ე.წ. პრომო გოგონებად მუშაობდნენ, სხვა ბრალდებულებთან - ამავე კლუბების მფლობელ ა.ა.-სთან, მენეჯერებთან - ა.ს.-სა და ტ.ჰ.-სთან შეთანხმებით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. შემდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიჰქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს. 

"სამართალდამცველებმა, კლუბი როიალის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები - 980 ლარი, 2 712 აშშ დოლარი, 1 815 ევრო, 64 500 რუსული რუბლი, 500 შვეიცარიული ფრანკი, 712 არაბული დირჰამი და 3 550 ავსტრალიური დოლარი . 

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია. ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები". - წერია განცხადებაში. 

დაკავებულები არიან: სომხეთის მოქალაქეები - 1997 წელს დაბადებული ა. ა.1996 წელს დაბადებული ა.ს. 1997 წელს დაბადებული ტ. ჰ. ასევე, საქართველოს მოქალაქეები - 1998 წელს დაბადებული ნ. გ. 1982 წელს დაბადებული ხ. ბ. 2001 წელს დაბადებული ლ. წ. 1995 წელს დაბადებული თ. შ. 1991 წელს დაბადებული ვ. კ. 1996 წელს დაბადებული მ. გ. 1999 წელს დაბადებული ე. მ. 1987 წელს დაბადებული ნ. თ. 1999 წელს დაბადებული ნ. დ. 1999 წელს დაბადებული ნ. ხ. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები