რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: ივანიშვილის პროპაგანდა ქმნის კონტექსტს, რომ ზელენსკიმ უკრაინა დაღუპა

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიასა და წევრის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, მმართველი პარტია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს - ევროპელების თქმით, ამ საკითხზე ოცნების სპიკერები საუბრობენ და საზოგადოებაში "იმედგაცრუებას თესავენ".   

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, მმართველი პარტიის სპიკერები უკრაინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ ავრცელებენ გზავნილებს, ასევე, გამოირჩევიან ანტიდასავლური მოწოდებებით - "იმედგაცრუებას, დეპრესიას თესავენ საზოგადოებაში" დასავლელი მეგობრების, NATO-სა და ევროკავშირის მიმართ.  

პარტიაში გამართულ ბრიგინგზე ევროპელებმა ოცნების სპიკერების განცხადებები წარმოადგინეს - მათ შორის, სამთავრობო მედია POS-TV-ის წამყვანის, შალვა რამიშვილისა და ლალი მოროშკინას განცხადებები. რამიშვილი ამბობს, რომ "ცხადია, რომ ზელენსკის NATO-სადმი სკეპტიკური გამონათქვამები გაფართოებას უქმნის პრობლემებს", მოროშკინას სიტყვებით კი "თუ ნეიტრალიტეტზე აპირებდნენ საუბარს, მაშინ რატომ უნდა გაწყვეტილიყო ამდენი ხალხი?"

გიგა ბოკერიას თქმით, მაშინ, როდესაც ზელენსკი საუბრობს ნეიტრალიტეტზე, იქვე აზუსტებს, რომ საუბარია ორმხრივ გარანტიებზე უკრაინისთვის - აშშ-სგან, NATO-ს წევრი ბირთვული სახელმწიფოსგან. ბოკერიას განმარტებით, ზელენსკი გულისხმობს, რომ თუ NATO-ში პროცესი ჯერ ვერ მიდის წინ, ასეთი გარანტიები უნდა მიიღონ. 

"ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა სულ სხვა კონტექსტს დებს - აქ იმის კონტექსტია, რომ თურმე ზელენკიმ დაღუპა უკრაინა. თურმე, პუტინთან წინააღმდეგობა არის შეცდომა და თურმე ეს მსხვერპლი იმათ სინდისზეა, ვინც საკუთარ თავისუფლებას იცავდა. უკრაინის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზეა საუბარი, ზელენსკიზე. ზუსტად ის გზავნილი აქვთ, რაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჰქონდათ და რასაც აგრძელებენ - თურმე, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების ბრალია, როცა მტერი შემოგესევა. ეს არის კონტექსტი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 

ისინი ამ აბსურდულ პროპაგანდაში გვხვევენ ყველას - ოპოზიციას აბრალებენ, თქვენ დაიწყეთ ნეიტრალიტეტზე საუბარიო, თან სოციალურ მედიაში არა მარტო, ამ შიშზე დამყარებულ პროპაგანდას ეწევიან, ჩვენ უნდა ვთხოვოთ მედიას, სადაც შანსი იქნება, რომ ამ ადამიანებთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. თუ ესენი არ არიან მათი პროპაგანდის ორგანოები, რატომ ვხედავთ მათ ყველა მათი პროპაგანდისტული ორგანოს სატელევიზიო ეთერში? რატომ არის მათი გზავნილები ყოველთვის თანხვედრაში ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან? რატომ არ გმობენ ამ კონკრეტულ, ცნობილ ფიგურებს, რომლებიც ამ ქვეყნისთვის მოღალატეობრივ პროპაგანდას ეწევიან?" - ამბობს ბოკერია.

ნონიაშვილის შეფასებით კი ქართული ოცნებისა მათი ცნობილი სპიკერების მიერ გავრცელებული გზავნილები, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ღიად არის მიმართული. 

"მათთვის ნეიტრალიტეტი ზუსტად ამას ნიშნავს - ამ ქვეყნის წინააღმდეგ და პუტინისა და კრემლის სასარგებლოდ მიმართულ ნაბიჯს. რაც, თავისი არსით, ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყანა მთლიანად უნდა ჩაწვეს, ხმა არ ამოიღოს, არც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნოს და სხვები, ვინც იბრძვის, უკრაინელი ერი, დაამუნათოს, მაშინ, როდესაც საკუთარ სუვერენიტეტს ებრძვიან.  

თუ ეს ასე არ არის, რასაც ქართული ოცნება ამბობს, რომ თვითონ არ წევენ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხს, მაშინ რატომ დუმან და რატომ არ ეწინააღმდეგებიან მათივე სპიკერებს და გზავნილებს? რატომ იხარშებიან ამ ყველაფერში და ავრცელებენ საზოგადოებაში ამ რადიკალურ გზავნილებს, რომლებიც მავნებლურია თავისი არსით?" - ამბობს ნონიაშვილი.  

კომენტარები