მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის საელჩო: არ მიგვიღია და არ გადაგვიცია სააკაშვილზე უკრაინის მთავრობის მიმართვა

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის თქმით, საელჩოს არ მიუღია და საქართველოს ხელისუფლებისთვის არ გადაუცია უკრაინის მთავრობის ოფიციალური მიმართვა მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

"თქვენ გაინტერესებდათ, თუ იყო უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მიმართვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. საელჩოს არ მიუღია და არც საელჩოს არ გადაუცია უკრაინის მთავრობის ოფიციალური მიმართვა, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის". – თქვა კასიანოვმა.

მთავარი არხის ინფორმაცით, ქართულმა ოცნებამ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის თავმჯდომარისგან ოფიციალური მოთხოვნა მიიღო, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გაგზავნონ. კერძოდ, ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს დაეგზავნა უკრაინის რადას დეპუტატის, ელენა შულიაკის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვს და ის ომში მყოფ უკრაინას ძალიან სჭირდება.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვა მმართველი პარტიის წევრებსაც დაუსვეს. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მან წერილის შინაარსი არ იცის.

"ჩემი კითხვა გადაეცით, მე არ ვიცოდი ამ წერილის შინაარსი, თუ მართლა ასეთია, რომელი გამოცდილება, ფორთხვა უნდა ასწავლოს თუ გაქცევა, რა უნდა ასწავლოს სააკაშვილმა უკრაინელებს? გმირ უკრაინელებს, რომლებიც გმირულად იბრძვიან თავისი ქვეყნისათვის, ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა, წაქცევა თუ თავისი ქვეყნის ღალატი, თუ ომიდან ორ თვეში სამხედროებს დააბრალოს, როგორ დაიწყეს ვითომ მათ საომარი მოქმედებები, რომელი გამოცდილება სჭირდებათ, იქნება, დაგვიკონკრეტონ" - თქვა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს. იგი სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

კომენტარები