რუსი დიპლომატების გაძევება

პოლონეთი ქვეყნიდან 45 რუსი დიპლომატის გაძევებას განიხილავს

რუსეთის საელჩო ვარშავაში

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს 45 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების თხოვნით მიმართა. მათი ნაწილი, ჯაშუშობაში და რუსეთის დაზვერვისთვის დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს სპიკერი, სტანისლავ ზარინი ავრცელებს.

"შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ 45 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო – რუსეთის საიდუმლო სამსახურების ოფიცრები და მათთან ასოცირებული ადამიანები, მათ პოლონეთში დიპლომატიური სტატუსი აქვთ. შესაბამისი სია საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე გადავუგზავნეთ. სიაში შედიან ადამიანები, რომლებიც პოლონეთში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სადაზვერვო საქმიანობით იყვნენ დაკავებულები". - უთხრა ზარინმა ჟურნალისტებს.

პოლონეთის მთავრობის სპიკერის თქმით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი უკვე დაიბარეს, შემდეგ ნაბიჯების შესახებ განცხადება კი შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდება.

კომენტარები