რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"უკრაინაში გარდაცვლილ 2 ქართველ ჯარისკაცს პოლონეთიდან გადმოასვენებენ" – საქართველოს ელჩი

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განმარტებით, 2 გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცს ჯერ ლვოვიდან პოლონეთში და შემდეგ - საქართველოში გადმოასვენებენ. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"ტექნიკური მხარე ფაქტობრივად ყველაფერი დალაგებული და გარკვეულია. მოხდება ვარშავაში ცხედრების გადასვენება, სადაც უკვე პოლონეთში ჩვენი საელჩო ჩაერთვება და საქართველოში გადაიყვანენ სავარაუდოდ თვითმფრინავით". - ამბობს გიორგი ზაქარაშვილი.

18 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენში ორი ქართველი ჯარისკაცი, გია ბერიაშვილი და დათო რატიანი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა, რომელიც თავადაც უკრაინაში იბრძვის.

19 მარტს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ჩიქობავა უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, თუმცა ის ქართული შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედრო არ ყოფილა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩიქობავა დილას ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.

კომენტარები