რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი გაგზავნილ ლინკზე გადავიდა და Ukrainskaya Pravda-მ დაადგინა, რომ უკრაინაში არ ყოფილა

რამზან კადიროვი

უკრაინულმა გამოცემა Ukrainskaya Pravda-მ დაადგინა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, რომელიც ირწმუნებოდა რომ უკრაინაში იმყოფებოდა, ქვეყანაში არ ყოფილა. 

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ჩეჩენ მებრძოლებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.

ამას უკრაინული მხარის რეაქცია მოყვა, პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ ინფორმაციის ნამდვილობას გადაამოწმებენ. "თუ დადასტურდა გავანადგურებთ, თუ არ დადასტურდა, სხვა დროს გავანადგურებთ".- თქვა არესტოვიჩმა. 

რასაც მალევე თვითონ კადიროვი გამოეხმაურა: "რატომ "თუ"? გადაღება არ გინახავს თუ კარზე უნდა დაგიკაკუნო?". მოგვიანებით კადიროვმა ტელეგრამით ვიდეოც გაავრცელა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ კიევიდან 25 კილომეტრში იმყოფებოდა.  

Ukrainskaya Pravda-ს და უსაფრთხოების სამსახურის წყაროს ინფორმაციით, კადიროვი ტელეფონის ორ ნომერს იყენებს. მედიის ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ეს ნომრები უკრაინის ტელეანძებს როუმინგით არ დაკავშირებია.

მედიამ ონლაინსერვისი საშუალებით სცადა დაედგინა კადიროვის ადგილსამყოფელი. აღნიშნული სერვისი საშუალებას იძლევა, დადგინდეს ნომრის ადგილსამყოფელი მაშინვე, როცა მომხმარებელი ბმულზე გადავა. ის ამ დროს ვერაფერს ხვდება. 

მათ კადიროვს Telegram-ზე მიწერეს და თავი რია ნოვოსტის ჟურნალისტად გააცნეს. კადიროვს უთხრეს, რომ უკრაინაში მისი "გმირული" ქმედებების შესახებ სტატიის გადამოწმება სურდათ.

სერვისმა კადიროვის გეოლოკაციად რუსეთის ფედერაცია, ქალაქი გროზნო დაადგინა. 

კადიროვის ტელეფონის მიხედვით, 13 მარტს კიევთან მისი სავარაუდო ყოფნის შესახებ განცხადებაში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა იცრუა.

 

კომენტარები