რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი: რუსეთი აცხადებს, რომ მზად არიან პუტინსა და ზელენსკის შეხვედრისთვის

მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველის, მიხაიოლო პოდოლიაკის თქმით, რუსეთი უკვე აცხადებს, რომ მზად არიან ვლადიმირ პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის გასამართად.  

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს შეხვედრისთვის ადგილის ძებნა და შეთანხმების პაკეტის შემუშავება.

"ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს და ვამუშავებთ შეთანხმებების პაკეტს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება უკრაინის პოზიცია. როცა ეს უკვე დამუშავებული, შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები შეძლებენ შეხვედრას და სამშვიდობო მოლაპარაკების საბოლოო დებულებების შემუშავებას... არ მგონია აქამდე მისასვლელად დიდი დრო დაგვჭირდეს". – თქვა პოდოლიაკმა.

ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არაა წინააღმდეგი შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. 

"პუტინმა ჩვენს პრეზიდენტს (ერდოღანს) სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ ის [ზელენსკისთან] შეხვედრის წინააღმდეგი არაა". – თქვა ჩავუშოღლუმ. 

აქამდე, 10 მარტს თურქეთში, ანტალიაში გაიმართა შეხვედრა რუსეთ-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სერგეი ლავროვსა და დმიტრო კულებას შორის.

დღეს, 14 მარტს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება.

კომენტარები