რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი უკრაინელებს: მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა, რომ 1 კვირა გავძლებდით, აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ძვირფასო უკრაინელებო! ადრე არც კი მიფიქრია, რამდენი საათია კვირაში? 168 აღმოჩნდა. 168 საათი, უკვე მთელი კვირაა, უკრაინა ოკუპანტებს უკუაგდებს. არავის, გააცნობიერეთ, არავის სჯეროდა არც რუსეთსა და არც დასავლეთში, რომ ერთი კვირა გავძლებდით. მხოლოდ მე და თქვენ გვჯეროდა. 24 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის 2/3 დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში ჩვენ გადავრჩებოდით. დღეს ასე, თითქმის, 90% ფიქრობს. ეს ჩვენი დამცველების გმირობის შედეგია. ეს ჩვენი პროფესიული მოქმედებების შედეგია. ეს თითოეული თქვენგანის თავდადებაა. ჩვენი ექიმები, მაშველები, მუშები, ჟურნალისტები, ფინანსისტები ფრონტს იკავებენ, ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის.  

მინდა, ხაზგასმით გამოვყო სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და მერები, რომლებიც დღეს წინა პლანზე არიან. ჩერნიხივი, სუმი, კონოტოპი, ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი, მიკოლაევი ევროპის ფორპოსტებია. ჩვენმა არმიამ უკვე გაანადგურა ათასობით ოკუპანტი და მტრის იმდენი აღჭურვილობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე ქვეყნის ჯარის შეიარაღება. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები იზრდება, დახმარებას ვიღებთ. მებრძოლებმა ბევრ სფეროში თავი ბრწყინვალედ გამოიჩინეს. ჩვენი საჰაერო ძალები უკვე ლეგენდები არიან. მედესანტეები, ქვეითები, არტილერია - ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ უკრაინელები საუკეთესოები არიან.  

გუშინ მოქალაქეებს სრული წინააღმდეგობისკენ მოვუწოდე. ჩვენ უნდა გავანადგუროთ მტრის კომუნიკაციები - ეს არის მეტასტაზები, რომელთა გავრცელებას ისინი ჩვენს მიწაზე ცდილობენ. რუს ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების შეეშინდათ და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენა დაიწყეს. ისინი ბომბავენ საავადმყოფოებს, კლავენ ქალებსა და ბავშვებს. ეს ჯარი აღარ არის - ისინი ჩვეულებრივი მშიშრები და ტერორისტები არიან. წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა - იქნება სისხლი, ცრემლები და ტკივილი. მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ისე გვაქვს მიზეზი, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ახლოს ვართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი. 

კომენტარები