რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: გენ. პროკურორის მოადგილის განცხადება პირდაპირ პუტინისტური პროპაგანდაა

მე მესმის, რომ იმხელა მავნებლობის ნიაღვარი მოდის ივანიშვილის მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლისგან, მათ შორის, პრემიერისგან, რომ ჯეროვანი ყურადღება ვერ მიეპყრო იმ კატასტროფული განცხადებების საკითხს, რაც გააკეთა მაღალი თანამდებობის პირმა, გენერალური პროკურორის მოადგილემ. მან ჯერ, ღარიბაშვილის მსგავსად, უკრაინის მთავრობა ნაწილობრივ დაადანაშაულა იმაში, რაც მოუვიდა უკრაინელ ხალხს: აი, ნახეთ რა მოუვიდა, თქვენც იგივე გინდათ მოგივიდეთ, რაც უკრაინასო? ანუ, თითქოს, უკრაინის ან საქართველოს მთავრობის ბრალია ნაწილობრივ მაინც. მერე გაავრცელა პუტინისტური პროპაგანდის კიდევ ერთი პოსტულატი, თითქოს უკრაინის მოსახლეობის 90% უკვე გაქცეულია. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ 30 000 ადამიანი წავიდა, ქალები და ბავშვები, ანუ ეს სრული ტყუილია. ბოლოს თქვა, რომ თურმე მხდალია ჩვენი და უკრაინის მთავარი მოკავშირე, ანუ დასავლეთი, შეერთებული შტატები.

მე მესმის, რომ ვიღაც შეიძლება ითხოვდეს მოკავშირეებისგან უფრო აქტიურ მხარდაჭერას, პირდაპირ ჩაბმას, შეცდომებზე მიუთითებდეს, მაგრამ გულაცრუების, სასოწარკვეთის დანერგვა, მით უმეტეს, სიმხდალის დაბრალება ჩვენი მთავარი მოკავშირეებისთვის, პირდაპირ პუტინისტური პროპაგანდის ამბავია. ახლა საინტერესოა, როგორ აფასებენ პროკურატურის სხვა თანამდებობის პირები ამ განცხადებას. ისინიც იზიარებენ ამ პოზიციას, რომ მხდალია ჩვენი მთავარი მოკავშირე, აშშ, ევროპა და რამე სხვას გვთავაზობენ ამ მოკავშირეების მაგივრად? ამ განცხადებას როგორ აფასებენ. ჩემთვის ისედაც ნათელია პასუხი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მთლიანად მხილება, როგორც არალეგიტიმურის და ჩვენი ეროვნული ინტერესების მტრის.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გენერალური პროკურორის მოადგილის, გიორგი ბადაშვილის სიტყვებს - "მთავრობა სწორად მოქმედებს, აცადეთ, სანამ რუსული ჩექმა მოგხვდათ". 

კომენტარები