რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გიორგობიანი: აგვისტოს ომისას ლიდერები მაშინ ჩამოვიდნენ, როცა საომარი მოქმედებები დასრულდა

interpressnews.ge

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის დროს ქვეყანაში ლიდერები მაშინ ჩამოვიდნენ, როცა საომარი მოქმედებები დასრულდა.  

გიორგობიანი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებსა და საზოგადოების რეაქციას ეხმაურება და წერს, რომ ღარიბაშვილი არის ადამიანი, "რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის". 

"სანამ რამეს დაწერთ, იქნებ მოვლენების ქრონოლოგიას გაადავლოთ ხოლმე თვალი. აგვისტოს ომის დროს როდის ჩამოვიდნენ ლიდერები? მაშინ, როდესაც საომარი მოქმედებიბი დასრულდა...

სხვათა შორის, ომის დროს აირზენაში ვმუშაობდი და ზუსტად მახსოვს ის ხალხი, ვინც პირადად ჩემთან რეკავდა და საქართველოდან წასასვლელ ბილეთს მთხოვდა ნებისმიერი მიმართულებით... ბილეთს, ოღონდ მხოლოდ ერთ გზას..." - წერს გიორგობიანი.  

რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით აქცია 2008 წლის 12 აგვისტოს გაიმართა. ამ დღეს მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებას. თუმცა, საომარი მოქმედებები არ დასრულებულა - რუსმა ოკუპანტებმა მომდევნო დღეებში ახალგორი აიღეს.  

 ლეხ კაჩინსკი,  ვიქტორ იუშენკო,  მიხეილ სააკაშვილი,  ვალდას ადამკუსი,  ტომას ჰენდრიკ ილვესი  
 EPA/ZURAB KURTSIKIDZE

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას თქვა, რომ თავიანთი "შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს" აკეთებენ, თუმცა ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ კიევში "ჩასვლისთვის ჩასვლა არაფრისმომცემია" და ასევე არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომი თავიდან აცილებული ვერ იქნა და ამით ყველაზე მეტად ქვეყანა და ხალხი დაზარალდება.  

კომენტარები