სერბი კინორეჟისორი და მუსიკოსი, ემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა. კუსტურიცამ შეთავაზება პირადად რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან, სერგეი შოიგუსგან მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს შოიგუს პრესმდივანმა, როსიანა მარკოვსკაიამ განუცხადა.
"თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა მის მეგობრულ ურთიერთობას კუსტურიცასთან, რეჟისორის ნიჭსა და დიდ, გულიდან წამოსულ შრომას. რუსული კულტურის საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო კი შოიგუმ კუსტურიცას მთავარი რეჟისორის თანამდებობა შესთავაზა". - ამბობს მარკოვსკაია.
მარკოვსკაიამ ჟურნალისტებს თავად კუსტურიცას კომენტარიც გააცნო. კუსტურიცას თქმით, რუსეთის არმიის თეატრის მთავარი რეჟისორობა მისთვის დიდი პატივია.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ სერგეი შოიგუმ თეატრის მთავარი რეჟისორობა შემომთავაზა. ამ თეატრს უდიდესი ისტორია და ტრადიციები აქვს. იმედია, წარმატებული მუშაობა გამომივა". - ციტირებს კუსტურიცას სიტყვებს როსიანა მარკოვსკაია.
2017 წელს კუსტურიცა ოკუპირებული აფხაზეთის კეთილი ნების ელჩიც გახდა. მას მოსკოვში შესაბამისი სერტიფიკატი და მედალი გაუგზავნეს. კუსტურიცამ მხარი დაუჭირა საქველმოქმედო ინიციატივას, რომელიც მიზნად აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით საზოგადოების ყურადღების მობილიზებას ისახავს. კონკრეტულად, საქმე აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი ქრისტიანული ეკლესიების განადგურებას ეხება.
ემირ კუსტურიცა აფხაზეთის გარდა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთანაც მეგობრობს. ის ე.წ სამხრეთ ოსეთში 2009 წელსაც იმყოფებოდა. სეპარატისტული რეგიონის მედიის ცნობით, ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას გეგმავდა და მასალებს აგროვებდა.
2017 წლის 8 დეკემბერს კი თბილისში ემირ კუსტურიცას კონცერტი იყო დაგეგმილი, თუმცა ის გადაიდო. ორგანიზატორის თქმით, მან არ იცოდა, რომ კუსტურიცას საქართველოში ჩამოყვანა კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა.





