ბორის ჯონსონი

ჯონსონი: უკრაინაში თუ შეჭრებიან, ჩვენ გავხდებით დემოკრატიული სახელმწიფოს ნგრევის მოწმენი

ბორის ჯონსონი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე
Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სიტყვა 19 თებერვალს მიუნხენის პრესკონფერენციაზე:

ელჩო იშინგერ, თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონებო და ბატონები, ძალიან სასიხარულოა აქ, ამ ძალიან მნიშვნელოვან უსაფრთხოების კონფერენციაზე ხუთი წლის შემდეგ ყოფნა. ამ კონფერენციამ ხელი შეუწყო ამ ქალაქი დასავლეთის ერთიანობის, ატლანტიკური ალიანსის სიძლიერის და ერთიანი, თავისუფალი ევროპის ხედვის სიმბოლოდ ქცევას.

ჩვენი ერთიანობის და გამბედაობის შენარჩუნება იშვიათად ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც მსოფლიოში ამ უკიდურესი საფრთხის მომენტში. გასულ საღამოს ლიდერებთან, პრეზიდენტ ბაიდენთან, პრეზიდენტ მაკრონთან, კანცლერ შოლცთან, პრემიერმინისტრ დრაგისთან და ევროკავშირის და NATO-ს ლიდერებთან ჩემი საუბრის თემაც ეს იყო.

როგორც ჩვენი ბოლო საუბრის დროს პრეზიდენტ პუტინს ვუთხარი, ჩვენ დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატია და დიალოგი შეიძლება წარმატებული იყოს.

მაგრამ გულწრფელი უნდა ვიყოთ დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით, როდესაც 130 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი უკრაინის საზღვრებთან და 100-ზე მეტი ბატალიონი ემუქრება ამ ევროპულ ქვეყანას.

ჩვენ უნდა გვაერთიანდეთ ამ საფრთხის წინააღმდეგ, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს თუ რა არის სასწორზე.

უკრაინაში თუ შეჭრებიან, ჩვენ გავხდებით იმ დემოკრატიული სახელმწიფოს ნგრევის მოწმე, რომელიც ერთი თაობაა თავისუფალი და არჩევნების საამაყო ისტორია აქვს.

კიევში ყოველ ჩასვლაზე დასავლელი მინისტრები უკრაინელ ხალხს და მათ ლიდერებს არწმუნებენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. როგორი ცარიელი, უაზრო და შეურაცხმყოფელი იქნება ეს სიტყვები, თუ სწორედ იმ მომენტში, როცა მათ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობაა საფრთხეში, გვერდზე გავდგებით.

თუ უკრაინაში შეჭრებიან, შოკი მთელ მსოფლიოზე გავრცელდება და მისი გამოძახილი აღმოსავლეთ აზიასა და ტაივანს მიაღწევს.

ამ კვირას იაპონიის და ავსტრალიის პრემიერმინისტრებს რომ ვესაუბრე, მათ დამარწმუნეს, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური დარტყმა მსოფლიოს შორეულ რეგიონებშიც იქნება საგრძნობი.

ნება მომეცით გარკვევით ვთქვა, რა საფრთხის წინაშე ვართ

არსებობს საფრთხე იმისა, რომ მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ აგრესია გამართლებულია, რადგან მას შედეგი მოაქვს.

სათანადოდ უნდა შევაფასოთ ამ მომენტის მნიშვნელობა და ის თუ რა არის სასწორზე.

ახლა რომ ვსაუბრობ, ბოლომდე არ ვიცით, რას გეგმავს პრეზიდენტი პუტინი, მაგრამ ნიშნები ავისმომასწავებელია და ერთად, მტკიცედ უნდა დავდგეთ.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან და აშშ-სთან ერთად უმკაცრესი სანქციების პაკეტზე მუშაობდა. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ურუსლა ფონ დერ ლაიენს, რათა ჩვენთან ახლო თანამშრომლობით ევროკავშირის მომზადებული ზომები განგვეხილა.

რუსეთი თუ მეზობელ ქვეყანაში შეიჭრება, სანქციებს დავუწესებთ რუსეთის იმ მოქალაქეებს და კომპანიებს, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ რუსეთის სახელმწიფოსთვის. მათთვის შეუძლებელს გავხდით ლონდონის კაპიტალის ბაზრიდან ფინანსების მოზიდვას, რუსული კომპანიების და ორგანიზაციების “მატრიოშკას” თოჯინებს გავხსნით და საბოლოო მფლობელებს  ვიპოვით.

პრეზიდენტ პუტინს თუ სჯერა, რომ ამ ქმედებით NATO-ს უკან დახევას აიძულებს ან შეაშინებს, აღმოაჩენს, რომ საწინააღმდეგოა მართალი.

დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები უკვე ვაძლიერებთ NATO-ს თავდაცვას  აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენი უახლესი ავიამზიდის, HMS Prince of Wales-ის და სპეციალური დანიშნულების მესამე ბრიგადის გაგზავნით ჩვენ ვზრდით ბრიტანეთის წვლილს COLD RESPONSE-ს წვრთნებში.

2 000-მდე ვზრდით და ვაორმაგებთ ჩვენი სამხედროების რაოდენობას ესტონეთში; 350 საზღვაო ქვეითი გავგზავნეთ და 600-მდე გავზარდეთ სამხედროების რაოდენობა პოლონეთში; კვიპროსში დამატებით 6 Typhoon-ის გაგზავნით გავაძლიერეთ ჩვენი ავიაციის პოზიციები სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში; ვგზავნით სამხედრო გემებს ხმელთაშუა და შავ ზღვაში. 1 000 სამხედრო მოსამსახურის მზადყოფნის განკარგულება გავეცი ნებისმიერი, პოტენციურად საშიში ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობის საპასუხოდ.

და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვრებზე რუსული ჯარების თავმოყრა ყველაზე საგანგაშო და თვალსაჩინო საფრთხეა, ყურადღება მიაქციეთ შავ ზღვაში საზღვაო ძალების გაძლიერებას, რაც უკრაინის ბლოკადით ემუქრება; ყურადღება მიაქციეთ მასიურ კიბერშეტევებს და დეზინფორმაციის ტალღას.

ეს კრიზისი ყველა სფეროში ვრცელდება, რის გამოც დიდი ბრიტანეთი NATO-ს უფრო მეტ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მხარდაჭერას უწევს. სწორედ ასეთი კრიზისის საფრთხის გამო, ვზრდიდით თავდაცვაში ინვესტიციებს, ტრადიციულ და ახალ ტექნოლოგიებში, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის.

ვამაყობ, რომ უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის და 2014-ში ყირიმის ანექსიის შემდეგ, ვეხმარებით უკრაინას, ვწვრთნიდით 22 000 სამხედროს და 2 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გაგზავნით ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავდაცვითი იარაღი მიაწოდეს უკრაინას.

მიხარია, რომ შემოგვიერთდნენ აშშ, პოლონეთი, ჩვენი ბალტიელი მოკავშირეები, მრავალი სხვა სახელმწიფო. დიდი ბრიტანეთის მსგავსად ევროკავშირი დაეხმარა უკრაინას ეკონომიკის გაძლიერებაში.

დიდი ბრიტანეთი ყოველთვის დგას მსოფლიოში თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე. მტკიცედ და უპირობოდ ვუჭერთ მხარს ევროპის უსაფრთხოებას. ჩვენი საქმე მოწმობს, რომ სიტყვას არ ვტეხთ.

ევროპელ მოკავშირეებთან შედარებით ჩვენი წვლილი NATO-ში ყველაზე დიდია, რადგან გვესმის კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობა. ისევე როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრები იდგენ ჩვენს გვერდით, როდესაც რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა სოლსბერიში, ბრიტანეთიც იქნება თქვენს გვერდით.

მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ბრიტანეთის და ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევის, დრაკონული სანქციების, შავი ფულის გამოაშკარავების, NATO-ს თავდაცვის გამტკიცების, უკრაინელი მეგობრების გაძლიერების მიუხედავად, ეს ყველაფერი შეიძლება საკმარისი არ იყოს რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.

შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2014 წლის გაკვეთილის გათვალისწინება.

რაც უნდა მოხდეს მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა დააშანტაჟოს ევროპული ქვეყნები, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხემ შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, არ უნდა დავუშვათ ახალი იალტა ან ჩვენი კონტინენტის გავლენის სფეროებად ახალი დაყოფა.

თავიდან უნდა მოვიშოროთ პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება.

მესმის ამ ძალისხმების სირთულეები და ფასი, მესმის, რომ სათქმელად უფრო ადვილია ვიდრე გასაკეთებლად, მადლობელი ვარ კანცლერ შოლცის გარანტიებისა ჩრდილოეთის ნაკად 2-თან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო წლების გაკვეთილი და გაზპრომის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდებით აშკარა მანიპულაცია არ უნდა უგულებელვყოთ.

ალტერნატიული მომწოდებლების და ტექნოლოგიების სრული ათვისებით რუსეთის მუქარის გაქარწყლება უნდა უზრუნველვყოთ.

ეს იქნება მომავალი თვეების და წლების საქმე, ისევე როგორც ის საჭირო და დაგვიანებული ნაბიჯები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში უნდა გადავდგათ ჩვენი ფინანსური სისტემის დაცვისთვის.

და ახლა ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსული სიცრუის კამპანიისთვის, რომელიც ყველა ასეთ ოპერაციას თან ახლავს.

იქნება ცრუ ბრალდებების კასკადი უკრაინის მიმართ, რაც დაბნეულობის გავრცელებისთვის იქნება მიმართული.

ახლაც კი მიმდინარეობს დადგმული მოვლენების დაგეგმვა, სიცრუის ქსელის გაბმა, რუსული თავდასხმა პროვოკაციაზე პასუხად წარმოჩენის მიზნით.

ჩვენ ვნახეთ სამხედრო ძალების ყალბი გაყვანა, ინსცენირებული ინციდენტები, რაც სამხედრო მოქმედების საბაბი შეიძლებოდა გამხდარიყო.

ჩვენ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, ადრეც გვინახავს და არავინ უნდა მოტყუვდეს.

უნდა მოვემზადოთ შესაძლო გაჭიანურებული კრიზისისთვის, რუსეთი გააგრძელებს წნეხს და შეეცდება იპოვოს სისუსტეები. ერთად უნდა ვთქვათ უარი დაღლაზე.

ევროპას სჭირდება სტრატეგიული გამძლეობა, ჩვენი ენერგია ერთიანობის შენარჩუნებისა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უნდა მივმართოთ.

მაგრამ ამან რომ გაამართლოს, მზად უნდა ვიყოთ, იმისთვის, რომ დაგვჭირდება აუცილებელი რესურსები ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნევლყოფის ტვირთის გასაზიარებლად და იმის დემონსტირებისთვის, რომ მზად ვართ ეს ტვირთი დიდხანს ვატაროთ.

ახლა ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა მშვიდობის და დიალოგის გზით სვლა გავაგრძელოთ.

პრეზიდენტი პუტინი ამას თუ გაითვალისწინებს, ეს წინსვლის შესაძლებლობას მოგვცემს. შესაძლებელია დისკუსია საფრთხეებზე, რომლებსაც მისი თქმით, იგი ხედავს. რეალურად ყველამ ვიცით, რომ ეს საფრთხეები ილუზიაა.

ისინი შედეგია კრემლის ქრონიკული და არასწორი შეხედულებისა NATO-ზე, როგორც საშიშ ალიანსისზე, რომელიც ალყაში აქცევს რუსეთს.

ეს NATO-ს ფუნქცია არ არის. NATO თავდაცვითი და მშვიდობიანი ალიანსია. ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ პუტინთან სამუშაოდ, რათა ვაჩვენოთ ეს და მივცეთ გარანტიები, რომლებიც მას, შესაძლოა, სჭირდება.

შეიძლება აღვნიშნოთ, რომ 2014 წელს რუსეთის უკრაინაში პირველად შეჭრამდე NATO-ს არ ჰყავდა სამხედრო ძალები გერმანიის აღმოსავლეთით. პოლონეთის და ბალტიის სახელმწიფოების დასაცავად აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და NATO-ს მოკავშირე სხვა ქვეყნებმა ეს ძალები მხოლოდ 2017 წელს განალაგეს.

მაშინაც კი, 5 000-ზე ნაკლები სამხედრო იქნა მივლენილი, რაც რუსეთს საფრთხეს არ უქმნიდა. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მიმდინარე კრიზისის საპასუხოდ, ჩვენ დამატებითი ძალები მივავლინეთ და მაინც იმ რაოდენობით, რაც რუსეთის საფრთხეს ვერ შეუქმნის.

2014 წლამდე ევროპელი მოკავშირეები ამცირებდნენ თავდაცვის ბიუჯეტს და სამხედრო ძალებს, შესაძლოა, იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს უსაფრთხო და გონივრული იყო.

ცვლილებები რაც მოხდა, პრეზიდენტ პუტინის მოქმედების და მის მიერ შექმნილი დაძაბულობის ბრალია.

დღეს NATO-ს ძალები ახლა რუსეთის საზღვართან თუ უფრო ახლოსაა, ეს რუსეთს გადაწყვეტილებებზე და  ამ გადაწყვეტილებებით ჩვენს მოკავშირეებში გამოწვეული შეშფოთების პასუხია.

ბევრს ლაპარაკობენ, რა ითქვა და რა არა 30 წლის წინ, ბერლინის კედლის დაცემისა და გერმანიის გაერთიანების დროს, დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე.

მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ყველანი ევროპის თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირების სამართლებრივ ვალდებულებაზე  შევთანხმდით.

და რაც მოხდა იმ გასაოცარ წლებში, იყო რკინის ფარდის ჩამოშლა და თავისუფალი ევროპის ხედვის სრული ასრულება, ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მომენტი.

როდესაც ჩვენი კონტინენტის გულში მყოფმა ერებმა დაიბრუნეს თავისუფლება, საკუთარი ბედის გაკონტროლების, საკუთარი ალიანსები ძიების უფლება.

ჩვენ უარს არ ვიტყვით იმ ეპოქის იმედსა და იმპულსზე, რაც მილიონობით რიგითი ევროპელის გამბედაობით გახდა შესაძლებელი.

1999 წლის შემდეგ ამიტომ გაუღო NATO კარი 14 სახელმწიფოს და ვერ დავუშვებთ, რომ დღეს ჩვენი ღია კარი ჩაიკეტოს.

მაგრამ თუ დიალოგი წარუმატებელი იქნება და რუსეთი უკრაინის უდანაშაულო და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის გზას დაადგება, სახელმწიფოებს შორის ცივილიზებული ქცევის ნორმების, გაერთიანებული ერების ქარტიის უგულებელყოფას აირჩევს, მაშინ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ რუსეთის მარცხი ჩვენს კოლექტიურ ინტერესშია.

მჯერა, რომ უკრაინაში, ამაყ ქვეყანაში რომლის შეიარაღებული ძალები 200 000 სამხედროს აჭარბებს და 2014 წელთან შედარებით მათ მეტი საბრძოლო გამოცდილება აქვთ, შეჭრისთვის მზადებით პრეზიდენტი პუტინი და მისი გარემოცვა უდიდეს შეცდომას უშვებენ.

ვშიშობ, რომ ელვისებურ ომს მოჰყვება საპასუხო დარტყმების, შურისძიების და ამბოხის გრძელი და საშინელი პერიოდი და რუს მშობლებს მოუწევთ, ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცების გლოვა, რომლებიც თავისებურად ისეთივე უდანაშაულონი არიან, როგორც უკრაინელები, რომლებიც თავდასხმას ელიან.

და იმ შემთხვევაში თუ უკრაინას უხეში ძალა ძლევს, ვერ წარმომიდგენია, თუ როგორ შეიძლება სამუდამოდ დაიმორჩილო თვით რუსეთის შემდეგ ევროპის უდიდესი ქვეყანა, რომლის ფართობიც ლამის მეოთხედ მილიონ კვადრატულ მილს აღწევს.

თავისუფლების თაობის შემდეგ ჩვენ ახლა თვალებში ვუყურებთ სისხლისღვრის და უბედურების თაობას.

მჯერა, რომ რუსეთი ვერაფერს მოიგებს ამ კატასტროფული წამოწყებით, დასაკარგი კი ბევრი აქვს და სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, მოვუწოდებ კრემლს დეესკალაციისკენ, წინა ხაზიდან ძალების გაყვანისკენ და დიალოგის განახლებისკენ.

ამ კონფერენციის მონაწილე ყველა სახელმწიფო იზიარებს სუვერენული სახელმწიფოებისგან შემდგარი უსაფრთხო და წარმატებული ევროპის ხედვას, სახელმწიფოების, რომლებიც თავად წყვეტენ საკუთარ ბედს და ცხოვრობენ შიშისა და მუქარის გარეშე.

და ეს ხედვა, რა თქმა უნდა, ვრცელდება რუსეთზე, სახელმწიფოზე, რომლის კულტურულ მემკვიდრეობას ჩვენ პატივს ვცემთ და ვისი მსხვერპლიც ფაშიზმთან ბრძოლაში იყო განუზომელი.

რუსეთს აქვს ისეთივე უფლება იცხოვროს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. არ უნდა შევწყვიტოთ იმის ხაზგასმა, რომ რუსეთისთვის არაფერია საშიში ჩვენს ხედვაში, რომელიც არავის ემუქრება.

ჩვენ თუ მტკიცედ დავდგებით ერთად, სიბრძნე და ზომიერებაც უნდა გამოვიჩინოთ, რადგან სწორედ ამ ერთიანობის წყალობით ხდება ცხადი დღეს, რომ ახლაც კი, ამ მეთერთმეტე ჟამს, გვაქვს კიდევ საუკეთესო შანსი იმისა, რომ კატასტროფა ავიცილოთ თავიდან და უზრუნველვყოთ კეთილგონიერების გამარჯვება.

და ეს არის ერთიანობის მესიჯი, რომელიც უნდა გავაგზავნოთ დღეს ამ კონფერენციიდან.

კომენტარები