ზუგდიდის საკრებულო

სააკაშვილი შენგელიას: არ ვიცი, რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა, ბოლომდე მესმის შენი, ჩემო ბაჩანა

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის, გიგა ფარულავას არჩევის შემდეგ N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა კერზაიას მიმართავს. 

სააკაშვილი წერს, რომ "რიგგარეშე არჩევნებისა და ხალხის გამარჯვების ფორმულა" ყველა ერთის წინააღმდეგ არის და მაშინ, როცა საქართველოში დემოკრატია აღდგება, "რამე სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი" უნდა შექმნან და სიმართლე დაადგინონ. 

მინდა მივმართო ბაჩანა შენგელიას რუსთავის საპყრობილის საკნიდან, სადაც ყოველდღე, მთელი სისტემა პუტინ-ივანიშვილის დახმარებით, ჩემი ფიზიკური განადგურების ოპერაციას ახორციელებს. არ ვიცი, რამდენი ხნის სიცოცხლე დამრჩა. მე ბოლომდე მესმის, ჩემო ბაჩანა, შენი და ია კერზაია არის თითოეული ჩვენგანის ხატება. მას არასდროს დავივიწყებთ, ვინაიდან ის არის კეთილშობილების, არაკონფორმიზმის, პატრიოტიზმის სიმბოლო.

მინდა სწორად გამიგო, ბაჩანა. მეც ბევრი კითხვა მაქვს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ის ხალხი, რომლის ხელითაც მე უკვე ერთხელ მკვდარი ვიყავი გლდანის კონცლაგერში, ხვალ რომ ჩაერთოს პუტინისა და მისი მოციქულის, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, უნდა გავაერთიანოთ მათთან ძალები თუ არა?

მსოფლიოში ყველგან, ასეთი რეჟიმები მარცხდება არა ბევრი დაქუცმაცებული პარტიით, არამედ ერთიანი ფრონტით. სხვა რეცეპტს თანამედროვე ისტორია ასე იცნობს. ასე რომ, ყველა ერთის წინააღმდეგ არის რიგგარეშე არჩევნებისა და ხალხის გამარჯვების ფორმულა... და როცა საქართველოში აღდგება დემოკრატია, მაშინ ჩვენ უნდა შევქმნათ რამე სამხრეთ აფრიკის სიმართლის კომისიის მსგავსი და მთელი სიმართლე დავადგინოთ.

აბა ძვირფასებო, მოდი დავფიქრდეთ ყველა, თუკი "იმედი" ზუგდიდის თემაზე ჭკუიდანაა გადასული, "ოცნებამ" რამდენიმე საგანგებო სხდომა მოიწვია. ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერს ძალიან ეტკინა. ვინ არის დღეს მთავარი ბოროტება. ის, ვინც გააღატაკა და გააქცია ქვეყნიდან ჩვენი ხალხი, აბარებს ქვეყანას რუსეთს ივანიშვილი და მისი მოქმედი პოლიტიკური ჩაფრები. მოდი, ჯერ ამ მოქმედი ბოროტმოქმედებისგან ვიხსნათ ქვეყანა და დანარჩენებს მერე მივხედავთ. მე ჩემს ფასეულობებზე უარს არასდროს ვიტყვი, მათ გამო ვიმყოფები იქ, სადაც ვიმყოფები და სიცოცხლე მაქვს გადადებული. 

ბაჩანა შენგელია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიმართავდა, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წარმომადგენლის არჩევა არ დაეშვათ. შენგელია წერდა, რომ ქალაქში, სადაც "ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს". 

გიგა ფარულავა თავმჯდომარედ 14 თებერვალს აირჩიეს. მას მხარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 22 -მა და გახარიას პარტიის სამმა წევრმა დაუჭირა. 


ია კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უძღოდა განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა, სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს მრავალჯერ შესთავაზეს მუშაობა ქართული ოცნების სასარგებლოდ, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს ბაჩანა შენგელიამ გამოაქვეყნა ის ანონიმური წერილი, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოჰკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ავტორის ვინაობის დადგენა.

11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არარსებობის გამო" გამოძიება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას". 6 ნოემბერს კი სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომ შენგელიას სარჩელი დაარეგისტრირა.

კომენტარები