ზუგდიდის საკრებულო

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს

გიგა ფარულავა
რადიო ათინათი

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია საქართველოსთვის წევრი, გიგა ფარულავა გახდა. 

საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა მეექვსე ცდაზე შეძლო. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირიპების ფონზე მიმდინარეობდა. ფარულავას მხარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 22 -მა და გახარიას პარტიის სამმა წევრმა დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართულ ოცნებას

ენმ-ის გადაწყვეტილებას FACEBOOK-ზე გამოეხმაურა პარტიის წევრი ანა წითლიძე და დაწერა, რომ ურთულესი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა "დიდი არჩევანი არ იყო". 

"ამაზე რთული გადაწყვეტილება ამ ათი წლის განმავლობაში რაც სამეგრელოში ვარ ჩემს გუნდთან ერთად არ მიმიღია.

დიდი არჩევანი არ იყო: ან ის რაც მივიღეთ ან კრიზისი მუნიციპალიტეტში და ხელახალი არჩევნები. რა იქნებოდა შუალედურ არჩევნებზე ვინც არჩევნები ოდნავ მაინც იცის წარმოიდგენს.

დღეს ზუგდიდს ჰყავს უკვე მოქმედი საკრებულო რომელსაც შეუძლია ყველა ბერკეტი გამოიყენოს ბიუჯეტში ცვლილებებისთვის და არა მხოლოდ.

რაც შეეხება გახარიას. მე ვიდექი 20 ივნისს და მე პირადად გადავიტანე მისი ხელმძღვანელობით სამეგრელოში საარჩევნო ტერორი. მის კისერზეა კერზაიას საქმე, 20 ივნისი, ანაკლიის პორტი და არა მხოლოდ - ამაზე პასუხისგება მას მოუწევს მას შემდეგ რაც ქართული ოცნება დასრულდება ეს დასასრული კი დაიწყო წალეჯიხაში, ჩხოროწყუში, რუსთავში, დღეს უკვე ზუგდიდშიც ქართული ოცნება დამარცხა.

მაგრამ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ამ არჩევნებზე ზუგდიდში 3000 მეტმა ( შეიძლება მეტიც ზუსტად არ მახსოვს) ზუგდიდელმა გადაწყვიტა მიუხედავად ყველაფრისა გახარიასთვის ხმა მიეცა და სამი მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი საკრებულოში.

30 ათასმა ზუგდიდელმა, არჩევნებზე მოსულის უმრავლესობამ გვითხრა რომ ოპოზიცია უნდოდათ საკრებულოში და მიუხედავად ღირებულებითი სხვაობისა რომელიც მუდმივად იქნება - მთავარი იყო ზუგდიდელების ინტერესი და მუნიციპალიტეტის კრიზისიდან გამოყვანა.

წარმატებებს ვუსურვებ ზუგდიდის საკრებულოს ზუგდიდელების საკეთილდღეოდ".- წერს წითლიძე. 

ზუგდიდის საკრებულოში სულ 45 დეპუტატია. აქედან 22 ენმ-ის, 20 - ქართული ოცნების, ხოლო 3 კი გახარიას პარტიიდან. 

კომენტარები