დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართა.

გთავაზობთ პრეზიდენტის მიმართვას:

დიდებული ქვეყნის დიდო ხალხო! ჩვენი სახელმწიფო სერიოზული გარე და შიდა გამოწვევების წინაშე დგას, რაც ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს პასუხისმგებლობას, თავდაჯერებულობას და კონკრეტულ ქმედებებს.

ჩვენ გვაშინებენ დიდი ომით და კიდევ ერთხელ გვინიშნავენ სამხედრო შეჭრის თარიღს. ეს პირველად არ ხდება. ჩვენი სახელმწიფო დღეს ისე ძლიერია, როგორც არასდროს.

ჩვენ ვისწარფვით მშვიდობისკენ და გვინდა ყველა საკითხი გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკებების გზით. დონბასიც და ყირიმიც უკრაინას დაუბრუნდება. მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით. სხვისას არ ვესხმით, მაგრამ საკუთარსაც არ დავთმობთ. ჩვენ გვყავს მშვენიერი ჯარი. ჩვენს ბიჭებს აქვთ უნიკალური საბრძოლო გამოცდილება და თანამედროვე იარაღი. ეს უკვე ბევრად უფრო ძლიერი არმიაა, ვიდრე რვა წლის წინ იყო. ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმაც უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთიანობა. ჩვენი არმიის საფუძველია ჩვენი ხალხის ნდობა და ძლიერი ეკონომიკა.

გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ მას ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გამოვფენთ, გავიკეთებთ ლურჯ და ყვითელ ლენტებს და ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახებთ.

ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ევროპული მისწრაფება. ჩვენ გვინდა თავისუფლება და მზად ვართ ვიბრძოლოთ. ამ ომში დაღუპული 14 ათასი დამცველი და მშვიდობიანი მოქალაქე ციდან გვიყურებს და ჩვენ არ ვუღალატებთ მათ ხსოვნას.

ჩვენ ყველას გვინდა ბედნიერად ვიცხოვროთ, ბედნიერებას კი ძლიერი უყვარს. ჩვენ არასოდეს ვიცოდით დანებება და არც ვაპირებთ ამის სწავლას. გიყვარდეთ უკრაინა! ჩვენ მშვიდად ვართ! ჩვენ ძლიერები ვართ! ჩვენ ერთად ვართ!

კომენტარები