პოლიტიკური კრიზისი

"ნელი ფორმატის დრო არ გვაქვს" – ზურაბიშვილის ორგანიზებული შეხვედრა დასრულებამდე დატოვეს

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili / Facebook

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართული შეხვედრა მონაწილეებმა დასრულებამდე დატოვეს. ზურაბიშვილმა ამჯერად შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები მიიწვია.  

შეხვედრის დატოვების შემდეგ მონაწილეები ამბობენ, რომ ელოდნენ, დისკუსია დღევანდელ პოლიტიკურ კრიზისს შეეხებოდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი საკითხს ისტორიულ ჭრილში განიხილავდა. 

ორბელიანების სასახლე პირველებმა ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ და დროას წევრმა, ნინო დოლიძემ დატოვეს. როგორც ნინო ბუჯანაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრის ამ ფორმატში საკუთარ ადგილს ვერ ხედავს. 

"ველოდი, რომ იქნებოდა პოლიტიკური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, სადამდე მივიდა ქალბატონი სალომე ამ კონსულტაციების დროს. ჩემთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი პოლიტიკური პრობლემების მოგვარების ირგვლივ საუბარი". - თქვა ბურჯანაძე. 

დროას ლიდერის, ნინო დოლიძის თქმით კი სალომე ზურაბიშვილმა მათ უთხრა, რომ ქალებს "შემრიგებლის როლი" აქვთ. 

"მისი არგუმენტაცია ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ ქალებს აქვთ შემრიგელების როლი და ახსენა კიდეც კრავაი ჯაყელი. ზოგადად, ასეთი დანაწილება, ცალ-ცალკე ქალი და კაცი პოლიტიკოსები, არ მგონია სწორი, რადგანაც ეს ისეთი პროცესია, სადაც ქალები, კაცები, პრეზიდენტი და ხელისუფლება კი არა, თითოეული მოქლაქე განგაშის ზარს უნდა სცემდეს, რადგანაც შესაძლებლობის ფანჯარა რაც გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და უსაფრთოების ახალი ფორმატების მიღმა არ დავრჩეთ. 

პრეზიდენტმა ისაუბრა ქალების როლზე ამ პროცესებში და იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რეფლექსია ჩვენს უახლეს წარსულზე, რათა გავიაზროთ, საიდან მოდის ეს პოლარიზაცია. თუმცა, მგონია, რომ ასეთი კვლევის და ნელი ფორმატის დრო სამწუხაროდ, არ გვაქვს. სწრაფადაა საკითხები გადასაწყვეტი". - ამბობს დოლიძე. 

შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც. ლომჯარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, შემდეგი შეხვედრისთვის პრეზიდენტმა დღის წესრილი გაწეროს, თუ რა თემებზე იმსჯელებენ. 

"ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი, ამ პროცესის საბოლოო პროდუქტი რა იქნება". - ამბობს ლომჯარია.  

სალომე ზურაბიშვილმა "ეროვნული თანხმობის პროცესზე" პირველად 2021 წლის დეკემბერში ისაუბრა. პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო და, მისივე სიტყვებით, აპირებს, წამოიწყოს "ინკლუზიური პროცესი უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად". თუმცა, ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ "ესოდენ დაპირისპირებული ძალების" შერიგების ბერკეტი და ძალა არ აქვს. 

ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. 

კომენტარები