სოთბის აუქციონი

მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი სოთბის აუქციონზე 4.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნიუ იორკში, სოთბის სააუქციონო სახლში მილიარდი წლით დათარიღებული შავი ბრილიანტი 4.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის, 555.55-კარატიანი ბრილიანტი, სახელწოდებით ენიგმა, დაახლოებით ბანანის წონისაა.

აღსანიშნავია, რომ მყიდველმა ენიგმას შეძენა კრიპტოვალუტის გამოყენებით გადაწყვიტა. აუქციონის ორგანიზატორებს მყიდველის ვინაობა არ დაუსახელებიათ, თუმცა კრიპტოვალუტის მწარმოებელმა, რიჩარდ ჰართმა Twitter-ზე დაწერა, რომ შავი ბრილიანტი მან შეიძინა. მისი თქმით, ენიგმას ამიერიდან მის მიერ დაარსებული ბლოკჩეინ პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით HEX.com ბრილიანტი ეწოდება.

უცნობია ბრილიანტის წარმოშობის ზუსტი ისტორიაც, შავი ალმასი, იგივე კარბონადო ნატურალური ფორმით აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ბრილიანტია. კარბონადოები ამ დრომდე მხოლოდ ბრაზილიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშია მოპოვებული.

იმის გამო, რომ კარბონადო ოსბორნიტს შეიცავს, მინერალს, რომელიც მხოლოდ მეტეორებშია აღმოჩენილი, მიიჩნევა, რომ ის დედამიწაზე, სავარაუდოდ, კოსმოსიდან ხვდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მისი წარმოშობის ზუსტი წყარო უცნობია.

შავი ბრილიანტების ასაკი საშუალოდ 2.6-დან 3.2 მილიარდ წლამდეა. შესაბამისად, ძვირფასი ქვა დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე მოიპოვებოდა.

კომენტარები