ოსკარი 2022

ოსკარი 2022: რეკორდები და საინტერესო ფაქტები ნომინანტების შესახებ

რამდენიმე დღის წინ ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარის ნომინანტები დაასახელა

რიგით 94-ე კინოდაჯილდოება 27 მარტს გაიმართება, იქამდე თვალი გადავავლოთ რეკორდებს და საინტერესო ფაქტებს წლევანდელი ნომინანტების შესახებ.

სტივენ სპილბერგი პირველი ადამიანია, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში, ექვს სხვადასხვა ათწლუელში მიიღო ნომინაცია. რეჟისორს ორჯერ აქვს მოპოვებული ჯილდო, 1993 წელს ფილმისთვის შინდლერის სია და 1998 წელს ფილმისთვის რიგითი რაიანის გადასარჩენად. წელს სპილბერგი ვესტსაიდური ისტორიისთვის არის წარდგენილი.

ჯეინ კემპიონი პირველი ქალია, რომელმაც მეორედ მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. 1994 წელს კემპიონი პიანინოსთვის წარადგინეს, ჯილდო ფორესტ გამპის რეჟისორს რობერტ ზემეკისს შეხვდა, კემპიონმა საუკეთესო სცენარის კატეგორიაში გაიმარჯვა. წელს მისი ფილმი ძაღლის ძალაუფლება ოსკარების ერთ ერთი მთავარი პრეტენდენტია.

გაქცევა ერთადერთი ფილმია, რომელმაც ნომინაცია მიიღო კატეგორიებში საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო უცხოური ფილმი და საუკეთესო ანიმაცია. 

კენეტ ბრანა ერთადერთი ადამიანია, რომელმაც კარიერის განმავლობაში შვიდ სხვადასხვა კატეგორიაში მიიღო ნომინაცია. საუკეთესო რეჟისორის, მსახიობის, მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის, ადაპტირებული სცენარის, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციებს წელს საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციებიც დაემატა. ბრანას არც ერთხელ არ გაუმარჯვია, მისი ბელფასტი წელს ერთდროულად 8 კატეგორიაში იბრძვის.

მიყოლებით ოთხი წელია უცხოური ფილმი იღებს ნომინაციებს საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიებშიც. წელს ეს პატივი რიუსუკე ჰამაგუჩის Drive My Car-ს შეხვდა. აქამდე მსგავსი ნომინაციები მიღებული ჰქონდა რომას, თრობას და პარაზიტს, უკანასკნელმა ორივე კატეგორიაში გაიმარჯვა.

დენზელ ვაშინგტონმა წელს საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და ათი ნომინაციის მფლობელი ერთადერთი შავკანიანი მსახიობი გახდა. ვაშინგტონმა გამარჯვება ორჯერ შეძლო: პირველად ფილმით დიდება 1990 წელს და მეორედ 2002-ში ფილმით მოთელვა. წელს მსახიობი ფილმ მაკბეტის ტრაგედიაში შესრულებული მთავარი როლისთვის არის ჯილდოზე წარდგენილი.

Writing With Fire პირველი ინდური ფილმია, რომელმაც საუკეთესო დოკუმენტური ნამუშევრის კატეგორიაში ოსკარის ნომინაცია მოიპოვა.

მსახიობებმა კირსტენ დანსტმა, ენდრიუ გარფილდმა და ჯეი ქეი სიმონსმა ნომინაციები მიიღეს. სამივე მათგანი სხვადასხვა პერიოდში ადამიანი-ობობას ფრენჩაიზში მონაწილეობდა.

ფილმ CODA-ში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ტროი კოტსური პირველი ყრუ მსახიობი კაცია, რომელმაც ოსკარის ნომინაცია მიიღო. იმავე ფილმის კიდევ ერთი მსახიობი მარლინ მატლინი პირველი ყრუ ადამიანია, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო 1986 წელს, ფილმ Children of a Lesser God-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.

მომღერლებმა ბიონსემ და ბილი აილიშმა კარიერაში პირველი ოსკარის ნომინაციები მიიღეს. აილიში ჯეიმს ბონდის ფილმის საუნტრეკისთვის No Time To Die არის ნომინირებული, ბიონსემ მეფე რიჩარდში გამოყენებეული Be Alive-ისთვის მიიღო ნომინაცია.

რაც შეეხება კინოსტუდიებს, წლევანდელი დაჯილდოების ლიდერი Netflix-ია, პოპულარული სტრიმინგის სერვისის ფილმები 27 ოსკარზეა ნომინირებული, საიდანაც 12 ძაღლის ძალაუფლებას აქვს მიღებული. მეორე ადგილზე 16 ნომინაციით დიუნის და მეფე რიჩარდის კინოსტუდია Warner Bros.-ია. ისტორიაში პირველად საუკეთესო ფილმის (CODA) წოდებისთვის იბრძოლებს კინოსტუდია Apple+.

კომენტარები