ალავერდის საკათედრო ტაძარი

ალავერდის მონასტერთან, ეკლესიის ტერიტორიაზე სასტუმრო Alaverdi Resort-ის აშენება იგეგმება

ბადაგონი

ალავერდის მონასტერთან, ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე სასტუმრო Alaverdi Resort აშენდება - სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. მშენებლობა კომპანია ბადაგონმა დაიწყო. 

სასტუმროს მშენებლობის დაწყების ნიშნად სიმბოლური კაფსულა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და კომპანიის დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ 3 თებერვალს ჩაუშვეს. 

სალაყაია ამბობს, რომ პროექტი "განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა", რადგან ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.  

ბადაგონის ცნობით, პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ის ასაშენებლად კომპანია 14 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. 32 ნომრიანი სასტუმრო წელიწადში 8-10 ათასი ვიზიტორის მიღებას გეგმავს. მათივე ინფორმაციით, Alaverdi Resort-ში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იქნება. 

ლევან დავითაშვილის თქმით, სასტუმროს მშენებლობა კახეთში "განვითარების დამატებით მუხტს" შეიტანს. 

"ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი ფაქტია, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარებისა, კახეთის რეგიონში მორიგი, ძალიან ღირებული ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნება. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ინვესტორებს, ბიზნესმენებს აქვთ სურვილი, რომ დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ, თან ისეთ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა პანდემიის პირობებში. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ეს ინვესტიცია, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ხორციელდება და არის გამოხმაურება ეკონომიკის აღდგენის იმ ტემპის, რომელიც საქართველომ 2021 წელს აჩვენა. 

ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო ვითარდება; ვითარდება, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ იზრდება ეკონომიკა და, მეორე მხრივ, ვუფრთხილდებით ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას. Alaverdi Resort იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში". - თქვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

კომენტარები