NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია

ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია.  

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, 58%-ის პასუხია - არცერთი პარტია/არ ვიცი/უარი პასუხზე, 24%-ის პასუხია ქართული ოცნება, 9%-ის - ენმ, 8%-ის კი სხვა.  

მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია. 41%-მა არცერთი პარტია არ დაასახელა, 17%-მა თქვა, რომ არ იცის, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე. 

ამავე კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.  

კითხვაზე, წარმოიდგინონ, რომ არსებობს პარტია, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო მოსწონთ, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას, რომ ამ პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მათთვის მიუღებელი იყოს, 80% ამბობს, რომ ეთანხმება, 8% არ ეთანხმება, 10%-მა არ იცის, 1% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. 

NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. ინტერვიუები ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ დარუსულ ენებზე ჩატარდა. 

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. 

კომენტარები