დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კახიძე უკრაინაზე: მოკავშირეებთან დგომის ნაცვლად მაჩანჩალობა მტერს მხოლოდ მადას გაუღვიძებს

მტაცებელი ცხოველი ნადირობისას ყოველთვის არჩევს ყველაზე სუსტ, დაუცველ მსხვერპლს. იმას, რომელიც თავისიანებს ჩამორჩება, სწრაფად ვერ გარბის, საშიში რქები არ აქვს. თუ გინდა, რომ მტაცებელს გადაურჩე, აქტიურად და ჯანზე უნდა იყო, შენიანები გვერდით უნდა გყავდეს, წინააღმდეგობის გასაწევად ენერგია უნდა გქონდეს და თავდამსხმელის დაზიანებაც უნდა შეგეძლოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება მტაცებელმა გადაიფიქროს შენზე თავდასხმა. იმის შიშით, რომ საჭიროზე მეტი ენერგია არ დახარჯოს და თავად არ მიიღოს ზიანი.

აქტიურობის ნაცვლად – სიჩუმე, გაძლიერების ნაცვლად – უკუსვლა, მოკავშირეებთან დგომის ნაცვლად – მაჩანჩალობა, მტერს კი არ გადააფიქრებინებს შენზე თავდასხმას, არამედ პირიქით, მხოლოდ მადას გაუღვიძებს და ადვილ ლუკმად დაგიგულებს.

ამიტომ დღეს უკრაინის გვერდით დგომა, საერთაშორისო დღის წესრიგში უკრაინასთან ერთად ჩვენი საკითხის დაყენება, NATO-ში გაწევრიანების დაჩქარების მოთხოვნა და დასავლეთთან მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. უპრინციპო სიჩუმე მარტო სირცხვილი კი არ არის, არამედ ის პირველ რიგში პრაგმატულად არ გვაწყობს, რადგან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

რუსეთი თავის იმპერიულ პოლიტიკას არ გადახედავს, ჩვენ თუ ჩირგვებში შევძვრებით, პირიქით, ასე უფრო ადვილ სამიზნედ აგვირჩევს.

Слава Україні!

წერს ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე.

კომენტარები