თავდაცვის სამინისტრო

საქართველო აშშ-სგან $26 მილიონად 46 ჯაველინის გამშვებსა და 82 რაკეტას ყიდულობს

ტანკსაწინააღმდეგო, სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin
wikimedia

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან 26 246 866 დოლარად სარაკეტო სისტემის, ჯაველინის 46 გამშვებ დანადგარსა (CLU), 82 ჯაველინის FGM-148 რაკეტასა და თანმდევ აღჭურვილობას ყიდულობს. თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებულ შესყიდვაზე უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს GG-B-UDW ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, GG-Q-3QT, GG-Q-3QS, GG-B-1BB ანგარიშებსა და GG-B-ZZY, GG-B-UDH ქეისებზე დარჩენილი თანხებით, საერთო ღირებულებით – 26 246 866.00 აშშ დოლარი". – ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ს თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის ჯაველინის აღჭურვილობის მიყიდვა 2021 წლის აგვისტოში დაამტკიცა.

ჯაველინი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი დანადგარია. ჯაველინების პირველი პარტია საქართველოში 2018 წლის იანვარში ჩამოვიდა

კომენტარები