ბიძინა ივანიშვილი

NYT: ხეების სიყვარული თუ ძალაუფლების დემონსტრირება? ოლიგარქის უცნაური პარკი

Daro Sulakauri for The New York Times

ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატია ხეების სიყვარული თუ ძალაუფლების დემონსტრირება? ოლიგარქის უცნაური პარკი გამოაქვეყნა. სტატიაში აღწერილია ბოლო წლების "სურეალისტური სანახაობა" – ასწლოვანი ხეების გემებით გადატანა და მათი გადარგვა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. სტატიაში ვკითხულობთ, რომ პარკი ქვეყანაში ივანიშვილის "მქრქალ, მაგრამ ჭარბ წარმომადგენლობას" გამოხატავს.

"პარკში მთლიანობაში 200-ზე მეტი ხე მიიტანეს, რომლებიც კავკასიის პატარა ქვეყნის, საქართველოს გაღარიბებული სოფოლებიდან და ხშირი ტყეებიდან ამოძირკვეს. ივანიშვლმა ხეების უმეტესობა პირადად შეარჩია.

ნახევარი კარჭაპებით გადაიტანეს, მეორე ნახევარი – სატვირთო მანქანებით. მდინარის კალაპოტების გაფართოება გახდა საჭირო, [ხეებისთვის] გზის დასათმობად მატარებლები გაჩერდა – ქართველებმა ეს იმის საბუთად მიიღეს, რომ მას ხელისუფლების მართვა ისეთივე დაუსჯელობით შეუძლია, როგორც ხეების გადატანა.

საზოგადოებისთვის 2020 წლის ზაფხულში გახსნილი პარკი იშვიათი გამოვლენაა საქართველოში მისი მქრქალი, მაგრამ ჭარბი წარმომადგენლობის.

მთავრობაში მას ოფიციალური როლი არ აქვს, მაგრამ ივანიშვილის კრიტიკოსები ამბობენ, რომ კულისებიდან მას ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს."

NYT-ი ყოფილ პრემიერმინისტრ და პარტია საქართველოსთვის ლიდერს, გიორგი გახარიას ესაუბრა. გამოცემასთან გახარიამ აღნიშნა, რომ "ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული და ეს, რა თქმა უნდა, ბიძინაა".

სტატიაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარკი საზოგადოებისთვის ღიაა, ყველგან იგრძნობა, რომ ის ერთი ადამიანის პირადი საკუთრებაა.

"შავი ზღვის სანაპიროზე შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ივანიშვილის ექსტრავაგანტულ გემოვნებას გამოხატავს. ვარდისფერი ფლამინგოების, ვარხვების და სხვა ეგზოტიკური ფრინველების გუბურის გარშემო პარკის ხვეული განლაგების დიზაინი პირადად მას ეკუთვნის – ასე ამბობს პროექტის მენეჯერი პაატა სულაბერიძე.

ივანიშვილის საკუთრებას საჯარო პარკისგან ჯებირი ყოფს. პარკში შესვლა უფასოა. როგორც ბიზნეს გამოცემისთვის იშვიათ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, მისი შექმნა ათობით მილიონი დოლარი დაუჯდა.

ნიშნები, რომ ეს კერძო საკუთრებაა, ყველგან ჩანს. ყველგან კამერებია დაყენებული და მოძრაობის დეტექტორები ყველა ხის წინ დგას. შეხედეთ, მაგრამ შეხება არ გაბედოთ. ეს ეხება გაზონსაც. დაცვის მეგაფონიანი თანამშრომლები წესის დამრღვევებს უმალ ტუქსავენ.

თუმცა ბევრი მნახველი მაინც ამბობს, რომ პარკით ძალიან ისიამოვნა."

NYT-ი ქართველ რეჟისორს, სალომე ჯაშს ესაუბრა, რომელმაც დენდროლოგიური პარკის შექმნაზე დოკუმენტური ფილმი მოთვინიერება გადაიღო.

"ჩემთვის მოტივტივე ხე ძალაუფლების, სურვილის – რაღაცის ნებისმიერ ფასად მიღების სურვილის სიმბოლო იყო." – ამბობს ჯაში გამოცემასთან საუბრისას.

პაატა სულაბერიძის თქმით, მის უფროსს "უბრალოდ ხეები უყვარს".

"თეორიები იმაზე, თუ რატომ არის ივანიშვილი ხეებზე გაგიჟებით შეყვარებული, უხვადაა. ზოგი ქართველი ფიქრობს, რომ ის დრუიდია, რომელიც ხეებს ეთაყვანება"

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველების ნაწილს მოსწონს, რომ პარკში შესვლა უფასოა და მოსწონთ ივანიშვილი ქველმოქმედების გამო, მათ შორის ქართველი ხელოვანებისთვის სტიპენდიების გადახდის გამო, მაგრამ ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ოპონენტები ივანიშვილს ფეოდალს ადარებენ, რომელიც ხალხის კეთილგანწყობას მცირე თანხით ყიდულობს, ხელისუფლებიდან მისი წასვლა კი მოჩვენებითია.

"ივანიშვილამა ქონება რუსეთში იშოვა, სადაც მეტალის და საბანკო იმპერია შექმნა საბჭოთა კავშირიდან ტრანზიციის ქაოსურ პერიოდში. ამჟამად მისი ქონება 6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტს აღემატება.

ბევრი ქართველი ვარაუდობს, რომ კრემლი ასეთი ქონების ქვეყნიდან გასვლას არასოდეს დაუშვებდა, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, რომ ის საქართველოში გავლენის ყიდვისთვის იქნებოდა გამოყენებული. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს, მეზობელი თურქეთის და რუსეთის დიდი ძალების ამბიციების წინააღმდეგ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს."

სტატიაში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნების და დაკავების შემდეგ თავს პუტინის პატიმარს, ხოლო ივანიშვილის კრემლის ლაქიას უწოდებს.

"თუ მისი როლი ახლა ბუნდოვანია, ივანიშვილმა ერთ დროს ძალიან ღია და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ემოციურად დატვირთულ პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოში, სადაც კანდიდატის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ ამომრჩევლები ყურადღებით აკვირდებიან."

სტატიაში აღნიშნულია, რომ მთავრობაში ყოფნის დროს ივანიშვილი მისდევდა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ ასევე მოსკოვთან პრაგმატული მიდგომა სცადა. მისი მომხრეები კი ამბობენ, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომა აჩვენებს, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას მოწყურებული არ არის.

"როგორც ახლა სჩანს, ივანიშვილი თავისი ექსცენტრიული ჰობით უფროა დაინტერესებული, რაც რამდენჯერმე მისი პრემიერმინისტრობის მოკლე დროშიც გამოჩნდა.

პარლამენტარი არმაზ ახვლედიანი, რომელიც 2013 წელს ახლოს მუშაობდა ივანიშვილთან, როგორც მისი პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ შემდეგ უთანხმოება მოუვიდათ, იხსენებს, რომ სტრასბურგში ოფიციალურ ვიზიტზე ივანიშვილი ძირითად ქალაქის ზოოპარკით იყო დაინტერესებული, სადაც სახლში ჩამოსატანად წეროს კვერცხები შეიძინა.

ხეებით დაინტერესება, შესაძლოა, უწყინარი იყოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა, როცა ეს ინტერესი გავლენიანი მილიარდერისაა."

კომენტარები