ახალი წელი 2022

ზოოპარკი: გულით გთხოვთ, ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლების სროლისგან თავი შეიკავოთ

თბილისის ზოოპარკი

"გულით გთხოვთ, განსაკუთრებით, თუ ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით", - წერს თბილისის ზოოპარკი Facebook პოსტში, სადაც ხალხს თხოვნის მიმართავს, რომ ახალ წელს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

ზოოპარკი განმარტავს, რომ ფოირვერკების, ასაფეთქებლებისა და მაშხალების გასროლა, განსაკუთრებით კი მათი მიმართულებით, ცხოველების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

"ეს გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის. გარდა იმისა, რომ ამგვარი უჩვეულო ხმაურის ეშინიათ და საშინლად ისტრესებიან, იწყებენ გაშმაგებულ სირბილს, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება - შარშან, 31 დეკემბრის ღამეს, ახალშობილ გნუს გაუსკდა გული; ძველით ახალი წლის ღამეს მეორე ახალშობილი გნუც დაგვეღუპა, ასევე გულით. მომენტალური სიკვდილის გარდა არის მეორე პრობლემაც - დაფეთებული ცხოველები ქაოტურად დარბიან და ასკდებიან ღობეებს, ბარიერებს, რა დროსაც სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ.

საახალწლოდ ჩვენი ვეტექიმები წინასწარ იწყებენ მზადებას: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ: ზოგს - აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. ეს, ცხადია, არ არის გარანტია, რომ ღამე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ მაინც... სხვა არაფერი შეგვიძლია.

ზოოპარკის ბინადრებს რომ თავი დავანებოთ, პიროტექნიკა ჩვენ გარშემო მცხოვრებ სხვა ოთხფეხებსა და ფრთოსნებზეც მოქმედებს. განსაკუთრებით უსახლკარო ძაღლებსა და კატებზე, რომლებსაც თავის შეფარების შესაძლებლობა არსად აქვთ. ფრინველებს კი, არ დაიჯერებთ და, უბრალოდ გული უსკდებათ და იხოცებიან", - წერს თბილისის ზოოპარკი.

კომენტარები