რუსეთი

BBC-ის ჟურნალისტმა "უპრეცედენტო თვალთვალის" გამო რუსეთი დატოვა

BBC-ს რუსული გამოცემის საგამოძიებო ჟურნალისტის, ანდრეი ზახაროვის თქმით, "უპრეცედენტო თვალთვალის" გამო იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა, რასაც თავად ბრიტანეთში "გაძევებას" უწოდებს

მიმდინარე წლის ოქტომბერში რუსეთმა ანდრეი ზახაროვი "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა, რასაც უარყოფს BBC-ის გამოცემა და ცდილობს შეცვალოს ხელისუფალის გადაწყვეტილება. 

ანდრეი ზახაროვის თქმით, მან შეამჩნია, რომ უთვალთვალებდნენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ. ასევე, ჟურნალისტის განმარტებით, არ იცის, რა არის თვალთვალის მიზეზი - ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის წინ "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს თუ მისი ჟურნალისტური გამოძიება რუსი ჰაკერების შესახებ.

BBC-ის ზახაროვის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლმა რამდენიმეჯერ თქვა, რომ “უცხოელ აგენტებს” მუშაობის გაგრძელება თავისუფლად შეუძლიათ. 

ანდრეი ზახაროვმა რუსეთის დატოვების შესახებ Twitter-ზე დაწერა: "სამწუხარო, მაგრამ ზუსტი სიტყვა: გაძევება".

ასევე, BBC-ის ჟურნალისტს, სარა რაინსფორდს აგვისტოში რუსეთის დატოვება მოუწია. მოსკოვმა მას მუშაობის უფლება არ გაუგრძელა. 


რუსეთის კანონმდებლობით, ორგანიზაცია, რომელსაც "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადებენ, ვალდებულია, თავი ამ იარლიყით წარმოაჩინოს და საკუთარ გამოცემებში მიუთითოს. კანონის მიხედვით მსგავსი ორგანიზაციების შემოსავლები და ფინანსთა ხარჯვა სახელმწიფოს მიერ სრულად უნდა იყოს გაკონტროლებული. 2020 წლიდან ამ იარლიყის მინიჭება შესაძლებელი გახდა ინდივიდებისთვისაც. კანონის ფარგლებში სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმება.

"უცხოეთის აგენტის" კანონი რუსეთის ფედერაციაში ძალაში 2012 წლიდან შევიდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მოქმედებდა, 2017 წლიდან კი ამ კანონის სამიზნე ობიექტების რიცხვი გაფართოვდა და სამაუწყებლო ორგანიზაციებიც მოიცვა. რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანონ.

კომენტარები