დინოზავრები

მეცნიერებმა ჩინეთში დინოზავრის იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ჩინეთში, განჯოუს პროვინციაში დინოზავრის იდეალურად შემონახული ემბრიონი აღმოაჩინეს. პალეონტოლოგების ვარაუდით, კვერცხში გამოსაჩეკად მომზადებული ემბრიონი უკბილო თეროპოდი, იგივე ოვირაპტოროზავრია. აღმოჩენილ ინდივიდს, რომელსაც მეცნიერები მინიმუმ 66 მილიონი წლით ათარიღებენ, პატარა იანლიანი შეარქვეს.

კვლევის მონაწილე პალეონტოლოგის, ფიონ ვაისუმ მას თქმით, ეს დინოზავრის ერთ-ერთი საუკეთესო ემბრიონია, რომელიც დღემდე აღმოუჩენიათ. მა აღნიშნავს, რომ ემბრიონი მოხრილ მდგომარებაშია, რაც თანამედროვე ფრინველებისა და დინოზავრების კავშირზე მიგვანიშნებს, რადგან გამოჩეკამდე ცოტა ხნით ადრე, მსგავსს პოზას ბარტყები იღებენ.

"ეს დინოზავრის ერთ-ერთი საუკეთესო ემბრიონია, რომელიც დღემდე აღმოუჩენიათ. აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ ფრინველების ეს ქცევა [პოზა] თავდაპირველად მათ წინაპარ დინოზავრებში წარმოიშვა". - აცხადებს მა.

ოვირაპტოროზავრები, რომელთა სახელიც კვერცხისმპარავ ხვლიკს ნიშნავს, თანამედროვე აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, გვიან ცარცულ პერიოდში, 100-66 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. პატარა იანლიანის ემბრიონი თავიდან კუდამდე 27 სმ-ია და 17 სმ-ის სიგრძის კვერცხშია მოთავსებული.

აღსანიშნავია, რომ კვერცხი 2000 წელს არის აღმოჩენილი და 10 წლის განმავლობაში იანლიანის მუზეუმის საცავში ინახებოდა. მეცნიერები კი კვერცხით მუზეუმში დაწყებული რემონტის დროს, ძველი ნამარხების გადალაგებისას დაინტერესდნენ და იეჭვეს, რომ მის შიგნით შესაძლოა ემბრიონი ყოფილიყო.

კომენტარები