კომპიუტერები მოსწავლეებისთვის

როდის გადაეცემათ წარჩინებულ მე-9 კლასელებს კომპიუტერები – სამინისტროს განმარტება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების წარჩინებული მე-9 კლასელებისთვის ამ დრომდე პერსონალური კომპიუტერები არ გადაუცია. ტაბულამ მოსწავლეებისთვის დაგვიანებული პრიზების შესახებ კითხვით სამინისტროს მიმართა. უწყების განმარტებით, კომპიუტერების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი წარმატებით დასრულდა და მოსწავლეები კუთვნილ პრიზს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე, ანუ 2022 წლის 15 სექტემბრამდე მიიღებენ.

"სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპებს გადასცემს. პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერი" ბენეფიციარებისთვის გამოცხადებული ტენდერი წარმატებით დასრულდა. კომპიუტერები მოსწავლეებისთვის

ლეპტოპების გადაცემა მოხდება ეტაპობრივად, 2022-23 სასწავლო წლის დაწყებამდე. კომპიუტერებს აქვთ ერთწლიანი საგარანტიო მომსახურება. კომპიუტერი შექმნილია ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, გამოირჩევა თანამედროვე დიზაინითა და მახასიათებლებით. მოჰყვება სიკაშკაშის საწინააღმდეგო დისპლეი, რომელიც აადვილებს მუშაობას მოსწავლისთვის სასურველ გარემოში". – უთხრეს ტაბულას განათლების სამინისტროში.

პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი" საქართველოში 2009 წელს შეიქმნა და პროგრამით საჯარო სკოლების ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასები) წარჩინებით დაასრულეს.

კომენტარები