მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე: სააკაშვილი უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი, სახურავზე კარლსონივით, თმით ათრიეს

"შეგახსენებთ, რომ იგივე ყოფილი პრეზიდენტი უამრავმა ადამიანმა საქართველოსა და მის ფარგლებს იხილა სახურავზე კარლსონივით, იხილა თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი და ასე შემდეგ" – ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში ჟურნალისტის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ დასმულ შეკითხვას.

"რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები [სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას], თქვენ ნახეთ მთლიანობაში რა იყო სურათი. კადრები, ჩანაწერები გავრცელდა ჩვეულებრივად. ათასგვარი უტრირებული განცხადებები იყო, მათ შორის, წამება. ღიმილისმომგვრელი განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. იყო წინააღმდეგობა, რომელიც გასწია პატიმარმა, წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოუწია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოქმედება. რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, მე შეგახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები დადებულიყო, რაც სააკაშვილთანაც იქნებოდა, ბუნებრივია, შეთანხმებული. მისი პარტია თავისი ტელევიზიებით კატეგორიულად ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროებას, რაც გაკეთდა.

[...] ასეთი კადრები სხვადასხვა პირის მიმართ ხშირად საჯაროვდება და ამას არ მოჰყოლია არასდროს არანაირი რეაქცია. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი ვიღაცამ იხილა ასეთ მდგომარეობაში, მე შეგახსენებთ, რომ იგივე ყოფილი პრეზიდენტი უამრავმა ადამიანმა საქართველოსა და მის ფარგლებს იხილა სახურავზე კარლსონივით, იხილა თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი და ასე შემდეგ. აქცენტი გადაჰქონდათ რაზე, იცით? პრეზიდენტი არ უნდა დაინახოს ასე ადამიანმა და ამაზე უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ნანახი ადამიანებს, ქართველებს და არა მარტო ქართველებს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც თმებით ათრიეს". – თქვა კობახიძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. ინსპექტორის განმარტებით, უწყებებს პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის დაეკისრათ. 

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები